„ვერ წარმომიდგენია, იმ შენობაში ეს ადამიანები ხვალ როგორ უნდა მივიდნენ“ – გახარია ჩხოროწყუს მერიაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

„შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმოიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება  გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, – განაცხადა გახარიამ.


ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები „შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას რეგიონული მედია „ათინათი“ ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით „პუბლიკა“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ  სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ფაქტის იდენტიფიცირებისთანავე დაიწყო მოკვლევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. აღნიშნულთან მიმართებაში სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლბს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებს, რომ ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას. მერის, დავით გოგუას თქმით, მომხდარს გამართლება არ აქვს და ის მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად გამოძიების დასრულებას ელოდება.

„დაწყებულია გამოძიება 150-ე მუხლით, ეს არის იძლლების უმუხლი, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს აღნიშნულ ფაქტს, ყველა უმკაცრესად დაისჯება ვისი ბრალეულობაც გამოვლინდება“,- ამბობს დავით გოგუა.