ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა გეგმავს მოაწესრიგოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა ქვეყნის შიგნით. „ყველგან პრობლემებია თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში, თუ ქალაქებში, თუ რაიონებში არსებული ავტოსადგომები“, – ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობა გადაადგილდებოდეს უსაფრთხოდ და კომფორტულად.  ის ამბობს, რომ მთავრობა აპირებს 154 ახალი ავტობუსის შეძენას, რომელშიც 54 მილიონი ლარს გადაიხდიან.

„გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც გადავიხდით 53 მილიონ ლარს, ეს იქნება 8 მეტრიანი „ISUZU“- ს მარკის თანამედროვე ევრო 5 ის სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ უფრო კომფორტული იყოს ჩვენი ხალხის გადაადგილება.

წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ამის თაობაზე ბატონი ლევან დავითაშვილიც გესაუბრათ. ეს რეფორმა შეეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. ყველგან პრობლემებია თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში, ქალაქებში, თუ რაიონებში არსებული ავტოსადგომები. ამას სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა, გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები, ავტოსადგურების მფლობელებს მივცემთ გონივრულ ვადებს, ასევე გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს. აუცილებელია, რომ ხალხის მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზეც არის აქ საუბარი“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ ქალაქებს შორის მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში „გადაკეთებული ე.წ სამარშუტო ტაქსებით“ გადაჰყავთ, რაც არ არის უსაფრთხო. მისი განცხადებით, არსებული სამარშუტო ტაქსების ჩანაცვლება თანამედროვე სტანდარტების სამარშუტო ტაქსებით წელიწად-ნახევარში უნდა მოხდეს.

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ, ხალხის გადაყვანა ხდება ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის გადაკეთებული, რაც რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო და მეორეს მხრივ, ძალიან არაკომფორტულია. მე პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. უსაფრთხოებაზე და შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა. ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწად-ნახევარში და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.