ვერავის მოვუწოდებთ საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას – პრემიერი

პუბლიკა

პარლამენტში დეპუტატის შეკითხვის პასუხად, პრემიერ-მინიტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებისკენ ვერავის მოუწოდებს.

„ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტიანად გამოვიყენეთ მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა ეფექტიანად არ იმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, იყო 9 ათასი. არ უნდა დაგვავიწყეს, რომ პანდემია გრძელდება და ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის  და რა მოცულობით მოგვიწევს.

ამიტომ პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა ესმოდეს, რომ შემდეგში პრევენციის ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტის უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი ამ ჯარიმების გადასახედია შემდეგისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა გახარიას ჯარიმებთან დაკავშირებული კითხვით მიმართა და განაცხადა, რომ ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმები მოქალაქეების 90%-სთვის ძალიან რთული გადასახდელია.