დღეს სამართალდამცველებმა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფება ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც მედიასთან მორიგი კომენტარი გააკეთა.
როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა მწყემსმა. გარდაცვლილი მანქანის უკანა სკამზე იპოვეს. რამიშვილის თქმით, მანქანაში და გარდაცვლილის ჩანთაში ნაპოვნია მედიკამენტები. ჟურნალისტებმა დასვეს შეკითხვა – ცნობილია თუ არა, რა ტიპის მედიკამენტებია აღმოჩენილი და მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია თუ არა გარდაცვალება? რამიშვილის თქმით, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას სპეციალისტები გააჟღერებენ, რადგან მან ზუსტად არ იცის, რა ტიპის მედიკამენტებია აღმოჩენილი.
„საუბარი მქონდა ექსპერტებთან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა. მიმდინარეობს ყველა კვალის ამოღება/დალუქვა. იმ წამლებისაც, რომლებიც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც მაქვს, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს, ყველანაირი ვერსიები არსებობს. ბევრ შეკითხვას აჩენს მდგომარეობა და ადგილმდებარეობა. ფსიქოტროპული პრეპარატები არაა. ექსპერტები იტყვიან, რა პრეპარატებია, რამ გამოიწვია გარდაცვალება. დაზიანებები ვერ დავინახეთ და ვერც დავინახავდით, იმიტომ, რომ დროს აქვს მნიშვნელობა როდის არის გარდაცვლილი, რამდენი ხანი იყო ამ მდგომარეობაში. ვადების გამო იცვლება ფერი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის პოვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაში იპოვეს გარდაცვლილი, აღენიშნება თუ არა მას დაზიანებები. ასე
ასევე უცნობია, ტარდებოდა თუ არა გასულ დღეებში კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები. ადგილზე იმყოფება გარდაცვლილის მამა. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მანქანა ტყეში მწყემსმა აღმოაჩინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს, მისი პოვნის შემდეგ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
თამარ ბაჩილიაშვილი 5 დღის წინ გაუჩინარდა. შესაბამისი უწყებები მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.
გუშინ თამარ ბაჩილიაშვილის ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. დაკარგული გოგოს დედა საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.