ვეტერანები პრეზიდენტისგან მედიკამენტებისთვის 100-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ - ადმინისტრაცია

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მისალოც წერილთან ერთად პრეზიდენტისგან საჩუქრად მედიკამენტების შესაძენ 100-ლარიან სააფთიაქო ვაუჩერებს მიიღებენ.

„იმ ომში, კაცობრიობისთვის უპირველესი ღირებულების– მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი იმ გამარჯვებაში ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე. ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი გამოწვევა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ახლა თქვენი შემდგომი თაობები ვიბრძვით მასთან გასამკლავებლად და მჯერა, რომ კვლავ გავიმარჯვებთ. თქვენ მიმართ მოწიწებასა და მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ და გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობასა და მხნეობას!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის მიწერილ წერილში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს.

განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“.