ვეტინგი არ არის რეცეპტი, რომელიც სისტემაში არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს — იოსელიანი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ვეტინგი არ არის რეცეპტი, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემას ერთბაშად გამოიყვანს და ყველა პრობლემას მოაგვარებს.

„ტვ პირველის“ გადაცემა „პოლიტიკურ ამბებში“ იოსელიანმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას ახასიათებს „რაღაცის ატაცება“ და ნაკლებად უყვარს „შინაარსში შესვლა“ და თუ არის იმის ალბათობა, რომ ვეტინგი სასამართლოს უარეს შედეგებამდე მიიყვანს, მაშინ უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო.

„ვეტინგი არ არის რეცეპტი, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემას ერთბაშად გამოიყვანს და მოაგვარებს ყველა პრობლემას. ამას ადასტურებს იმ ქვეყნებში ჩატარებული ვეტინგები, რომელთა გამოცდილებაც გარკვეულწილად შევისწავლე. ამაზე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთანაც მქონდა და მათი აზრიც არის გარკვეულ წილად, რომ ამის ასე კალკირება არ შეიძლება, რადგან ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა, გამოწვევები და ეს ყველაფერი საქართველოს რეალობაზე მორგებული უნდა იყოს. ჩვენ გვახასიათებს რაღაცის ატაცება და ნაკლებად გვიყვარს შინაარსში შესვლა. შეიძლება, დღეს ვეტინგი პოპულარული სიტყვაა, მაგრამ ეს რა შედეგებს გამოიწვევს. თუ არის იმის ალბათობა, რომ უარესს შედეგებამდე მივიდეთ, მაშინ უფრო უნდა დავფიქრდეთ. ალბანეთის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, იქ უარესი შედეგი გამოიწვია. მე ასევე ვნახე ანგარიშები უკრაინასთან დაკავშირებით და ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში უკეთესი შედეგი მოიტანა ვეტინგმა, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ე.წ ვეტინგს, ანუ კეთილსინდისერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, არიან: უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.