ვფიქრობ, არსებობს ყველა წინაპირობა, ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად - მინისტრი

პუბლიკა

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება არაუგვიანეს თვის ბოლომდე დასრულდება.

მინისტრი ფიქრობს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, ლიცენცია გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ წელს მაისში პირველად განვაცხადეთ, რომ ლიცენზიის მფლობელ კომპანიას უნდა წარმოედგინა მართვის გეგმა და ინფორმაცია სხვა კვლევებზე კომპანიას, და გარემოს ზედამხედველობის კომპანიამ გააკეთა რეაგირება და განცხადებაც გავრცელდა, რომ ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისი ოქმიც იქნა შედგენილი.

და ამის შემდეგ კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდა, სააგენტოს, სამინისტროს, პირადად ჩემი მხრიდან, რომ ჩვენ ამ პროცესებთან მიმართებაში დავიწყეთ მუშაობა, რომ ამ ტერიტორიაზე შეიქმნას დაცული ტერიტორია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად, სპეციალისტების ჩართულობით დაწყებულია კვლევები, რომ აქ შეიქმნას დაცული ტერიტორია, ისეთი ტიპის, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და ამავდროულად, დაიცავს იმ უნიკალურ ბუნებას, რაც ჩვენ გვაქვს რაჭაში.

როგორც გითხარით, ჯერ კიდევ მაისიდან დაიწყო ეს პროცესები. შემდეგ, ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ პროცედურას ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს პროცედურა დაწყებულია – გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაწყებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით ყველა ამ გარემოებების გათვალისწინებით. და ყველა შესაბამის უწყებას გაგზავნილი აქვს შესაბამისი წერილები, გამოთხოვილია ინფორმაციები.

და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ძალიან მალე, უმოკლეს დროში, არაუგვიანეს თვის ბოლოსი, მე ვფიქრობ, რომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და მე ვფიქრობ, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, იმის გათვალისწინებით, რაზეც მე ახლა ვისაუბრე, რომ ლიცენცია გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

თუმცა ეს არის ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტოს და მას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს”, – განაცხადა შამუგიამ.