ვფიქრობ, გამოძიება მალე დასრულდება - გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე ისაუბრა.

შს მინისტრის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.

„ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა გომელაურმა.


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გამოძიებაში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობის მოთხოვნით შეერთებული შტატების საელჩოსთან 4 აგვისტოს აქცია გამართეს. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და საქმეში FBI-ის ჩართვაზე მზადყოფნა გამოთქვა.

მიუხედავად შსს-ს განცხადებისა, 6 აგვისტოს ბაჩალიაშვილის დედამ იმავე მოთხოვნით პროკურატურასთან შიმშილობა დააანონსა. თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ უწყების დაპირება მათთვის არასარწმუნო და მიუღებელია.

6 აგვისტოსვე ბაჩალიაშვილების ოჯახს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდა და საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას დაჰპირდა.

ადვოკატმა მიხელ რამიშვილმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა იყო, რომ საქმის გამოძიებაში FBI ჩართულიყო ექსპერტიზის ჩატარების ნაწილში, რაზეც, მისი თქმით, პროკურატურამ მზადყოფნა გამოხატა.

პროკურორის დაპირების შემდეგ, ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობის დაწყება გადაიფიქრა.


თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ტყეში იდგა, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. მანქანა მწყემსმა იპოვა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა გამოძიებას ახალი მუხლი დაემატა – სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.