„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.
„დღეს ყველა ხმაა დასაცავი, ხვალიდან კი, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები და მეორე ტურებისთვის მზადება. ვფიქრობ, ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, როგორც 20 ივნისის შემდეგ. როგორც გპირდებოდით, დღეს გავიმარჯვეთ. ახლა ეს გამარჯვება გასაფორმებელია”, – წერს სამადაშვილი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეტენზიას გამოთქვამენ ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების დაგვიანებაზე. ისინი ცესკოს მოუწოდებენ, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე.
„კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოქვეყნდეს ის შედეგები, რომელიც დაჯდა ამ არჩევნებზე და გამოქვეყნდეს ყველა გაუქმებული ბიულეტენი, ყველა გაუქმებული ბილეთი გასაჯაროვდეს, ყველამ თავისი თვალით ნახოს, რა ხდება კერძოდ ქუთაისში და დანარჩენ ოლქებში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.