მოვითხოვთ, გამოქვეყნდეს შედეგები და ყველა გაუქმებული ბიულეტენი გასაჯაროვდეს – ვაშაძე

პუბლიკა

„კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოქვეყნდეს ის შედეგები, რომელიც დაჯდა ამ არჩევნებზე და გამოქვეყნდეს ყველა გაუქმებული ბიულეტენი, ყველა გაუქმებული ბილეთი გასაჯაროვდეს, ყველამ თავისი თვალით ნახოს, რა ხდება კერძოდ ქუთაისსა და დანარჩენ ოლქებში. ისე ნუ იზამთ, რომ ეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი ბოლო გახდეს.“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკომ გადააცილა ყველა ვადას და ამ დროისთვის შედეგები გასაჯაროებული უნდა იყოს.

„ცესკომ გადააცილა ყველა ვადას, ოქმები უკვე ატვირთული უნდა ყოფილიყო და შედეგები გამოცხადებული. ყველგან ერთი და იგივე ხდება, მაგრამ ქუთაისის მაგალითზე ვამბობ, ჩვენს მოგებულ უბნებზე ყველგან გაფუჭდა ქსეროქსი. ერთბაშად  თავმჯდომარეს მე-17-ჯერ მოუნდა უკვე დათვლილი ბიულეტენების დათვლა, 47 ბიულეტენია გაუქმებული რომელიღაც უბანზე და, რა თქმა უნდა, ყველაგნ 5-იანია შემოხაზული და 5-იანის კანდიდატები. აღმაშფოთებელია, რასაც აკეთებენ. მიაფურთხეს უკვე საქართველოს მოქალაქეების ღირსებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.