საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აბაშიძე-კარასინის საუბრის დეტალებს არ იცნობს, თუმცა ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი რუსეთთან დაახლოებით დაინტერესებული არ არის.
„ვფიქრობ, ქართველების უდიდესი ნაწილი არ არის დაინტერესებული რუსეთთან დაახლოებით ახლა, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, ასევე, როდესაც რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმას უკრაინის მოქალაქეებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებსა და ქალაქებზე. ცდილობს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიისა და იდენტობის დარღვევას იმ გზით, როგორც ეს სცადა საქართველოში. ეს არ არის ის დრო, როდესაც ქართველები ცდილობენ რუსეთთან დაახლოებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის.
ჩანაწერის მიხედვით ზურაბ აბაშიძე კარასინს აწვდის ინფორმაციას ლარსის მიმართულებით მიმდინარე პარალელური მაგისტრალის მშენებლობის შესახებ.
აბაშიძე ადასტურებს გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობას და ამბობს, რომ ორჯერ მოისმინა ჩანაწერი და ვერ ხვდება ამაში „სასკანდალო რა არის“.