„ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა“, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, სააღდგომო წირვის სტადიონზე ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებლობა იქნება, რომ მრევლმა დაიცვას დისტანცია.
„მე მაგალითად იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა. აბსოლიტურად ყველას შეუძლია განთავსდეს შორ-შორს, თავისი დინამიკებით და ა.შ. ამას ჩვენ გავაკეთებთ მაგრამ, წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება, ასეთი რამ წარმოუდგენელია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.
შეგახსენებთ, რომ დღის წესრიგში აქტიურად დგას საკითხი – შეასრულებს თუ არა საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, 3 პირის შეკრებისა თუ კომენდანტის საათის თაობაზე.
„ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, ეს არის რეკომენდაცია და ლოცვა-კურთხევა ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ“ – ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე, სასულიერო პირების მხრიდან გამოთქმულ ვერსიებს, კომენდანტის საათის პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს სააღდგომო ლიტურგია.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრიდან გამოსულმა მთავრობის წევრებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადეს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდაციების შესაბამისად, არ გეგმავენ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას. ისინი ამბობენ, რომ ლიტურგიას ოჯახთან ერთად თვალს ტელევიზიით მიადევნებენ.