ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, ეს არის რეკომენდაცია ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ - ჯაღმაიძე

პუბლიკა

ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, ეს არის რეკომენდაცია და ლოცვა-კურთხევა ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ – ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე, სასულიერო პირების მხრიდან გამოთქმულ ვერსიებს, კომენდანტის საათის პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს სააღდგომო ლიტურგია.

„ამან არ გამოიწვიოს სხვა გაუგებრობები. ვითარება ყოველ წუთს იცვლება, მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთანაც და ჯანდაცვის ორგანიზაციებთანაც და ვცდილობთ, ადეკვატური რეაგირება გვქონდეს ამ ყველაფერზე.

ერთი მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სარწმუნოებრივ ძირითადად მცნებებს ამიტომ რთულ ვითარებაში ვართ და სიფრთხილე გვმართებს განცხადებების გაკეთების დროს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზის განცხადებით, საპატრიარქო ელოდება სააღდგომო დღეების მოახლოებას და ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ ჩატარდება მართლმადიდებლურ ეკლესიებში აღდგომის საზეიმო წირვა.

ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა მამა შალვა კეკელიას ვერსიას იმის შესახებ, რომ სააღდგომო ლიტურგია შესაძლოა დაიწყოს 21:00-ზე და მრევლმა ტაძრები დატოვოს 06:00-ის შემდეგ.

„მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება, არ დაელოდა და არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოს პოზიციასთან. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ განმარტებას, როგორ იქნება. დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.