ვფიქრობ, სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაცია და შეწყვიტოს შიმშილობა.

ობუდსმენის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე უკვე სტრასბურგის სასამართლომ უნდა განსაჯოს, რამდენად შესთავაზა სახელმწიფომ პაციენტს უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური დახმარება.

„მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.

ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დასთანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩიებში“, – წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.


იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

„სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთავაზობთ, რომ გადაყვანილ იქნას გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ ექიმების მუშაობას. ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ.“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის ინფორმაციით, სააკაშვილი, მკურნალობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.


რა პოზიციაა ამ დრომდე ცნობილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ?

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ 19 ნოემბერს გლდანის მე-18 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პირადად არ ემხრობა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას.

ის ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზით განმარტავს – ჰოსპიტალში არ არის სათანადო აღჭურვილობა და ის სპეციალისტები (ყიფშიძის ვარაუდით, 25 სხვადასვხა პროფილის სპეციალისტი), რომელიც ექსპრეზიდენტს სჭირდება, თბილისში ცხოვრობენ.