ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმაც უნდა იმსჯელოს Z სიმბოლოს კრიმინალიზებაზე - დეკანოიძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ კარგი იქნება საქართველოს პარლამენტმაც იმსჯელოს რუსული აგრესიის სიმბოლოს Z-ის კრიმინალიზებაზე.

„მე მინდა, კონკრეტული ინიციატივით გამოვიდე. მე მგონი, რომ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე… დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი გაცხადება გააკეთა და მოუწოდა უკრაინის მეგობარ ქვეყნებს, რომ მოხდეს რუსული სამხედრო აგრესიის, ე.წ. სიმბოლიკის „Z“ კრიმინალიზაცია.

ეს სიმბოლიკა აჩვენებს ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელსაც სჩადის რუსეთი და ეს დანაშაულები ხდება მარიუპულში, ხდება ხარკოვში, ბუჩაში, ჰოსტომელში… და ეს მძიმე დანაშაული ეხება უკრაინის ყველა მაცხოვრებელს. ამიტომ ეს არის მოწოდება, რომელზეც ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა გვქონდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დღეს დაწერა, რომ სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ „Z“ სიმბოლოს გამოყენება.