„ვფიქრობთ, რომ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს" - რას ამბობენ კონსილიუმის ექიმები

პუბლიკა

„სიცრუეა, რომ პატიმარი განზრახ უარს აცხადებს საკვების მიღებაზე. თუ ეს მართლაც ასე დაფიქსირდა, რა ზომები გაატარეს ამასთან დაკავშირებით?”, – ამ შეკითხვით მიმართავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივამედს”.

დღეს ჟურნალისტებმა „ვივამედის” კლინიკურ დირექტორს, ზურა ჩხაიძეს განმარტება სთხოვეს გუშინდელ მის განცხადებაზე, რომ „სააკაშვილი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, სასურველ დღეებში. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, ალბათ უფრო – არ”.

როგორც მან აღნიშნა, კვებასთან დაკავშირებით ყოველდღე აქვთ პაციენტთან საუბარი. „ის შიმშილობდა 50 დღის განმავლობაში, ეს, რა თქმა უნდა, აისახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე… კონსილიუმის ექიმებაც იციან ამის შესახებ. არის ჩანაწერი ისტორიაში”.

ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ჩხაიძის მიერ ასეთი განცხადება უცნაურია, ვინაიდან ის ყოველდღიურად ხედავს, რომ სააკაშვილი ვერ იკვებება,

„დავდივარ ყოველდღე და ვარ მოწმე იმისა, რომ ძალიან ცდილობს, ძალიან ცდილობს, რომ რაღაც შეჭამოს. 2 ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ესეც ამოდის ხოლმე უკან. თუ ინარჩუნებს, ძალიან უჭირს, ეწყება ხშირი სუნთქვა”, – განაცხადა ალასანიამ

გუშინვე, 6 დეკემბერს სახალხო დამცველთან შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა, რომელებმაც 4 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულეს, დასკვნა წარმოადგინეს.

მათ ჟურნალისტებმა შეფასებები სთხოვეს ასევე კლინიკური დირექტორის განცხადებაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას, რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს.

ენდოკრინოლოგ ნინო ზავრაშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს უფრო ანორექსიასთან, ანუ ვერ იკვებება და ვერ იღებს [საკვებს] ადეკვატურად.

მსგავსი შეფასება გამოთქვა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ:

„ვერ იღებს საკვებს – [ამას] ჰქვია ანორექსია და თან ახლავს გულისრევა, სხვა პრობლემები, ან თუნდაც  ფსიქოლოგიური პრობლემები. არ იღებს საკვებს წინასწარ  განზრახვით, [ამას] ჰქვია შიმშილობა, ან სიუციდალური ქცევა. სიუციდალური ქცევა, ანუ თვითმკვლელის ქცევა.  მე ვფიქრობ, ვერ იღებს ის საკვებს. ჩემი გასინჯვით არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შიმშილობს ან სიუციდალური ქცევა აქვს.

საკვების ვერმიღება ბევრ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შესაძლებელია პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ მისცა გამშვები მექანიზმი, თუმცა გამშვები მექანიზმი რა არის, ჩემი აზრით, ამას ახლა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, როდესაც პაციენტი კახექსიის ფაზაშია გადასული”, – განაცხადა წულაძემ.

რა წერია კონსილიუმის დასკვნაში:

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები. წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება. სახეზეა კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა.

მათივე თქმით, სამწუხაროდ, განვითარდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება – სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ-დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე.