ვფიქრობთ საქართველოს მომავალი ევროპაშია, მაგრამ ამისთვის რეფორმები უნდა ჩატარდეს - შაჰინი

პუბლიკა

აშშ-ის სენატის წევრმა ჯინ შაჰინმა მადრიდში, NATO-ს სამიტის ერთ-ერთი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საქართველოზე ისაუბრა.

„ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრების მისწრაფების მხარდაჭერას. მკაფიო ვართ და ვფიქრობთ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, მაგრამ როგორც ვიცით, რეფორმები უნდა ჩატარდეს და მოვუწოდებთ ქართულ დელეგაციას, განაგრძოს მუშაობა ამ რეფორმებისთვის. იგულისხმება ის საკითხები, რომელთა შესახებაც ევროკავშირი საუბრობდა – დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის/პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა”, – აცხადებს ის. თარგმანი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეკუთვნის.


მადრიდში NATO-ს 2022 წლის სამიტი დაიწყო. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და NATO-ს პარტნიორები ესპანეთის დედაქალაქში 28 ივნისს შეიკრიბნენ. 29-30 ივნისს კი სამიტის ძირითადი ნაწილი წარიმართება.