ვგეგმავთ ელექტროენერგიის მსოფლიო ბაზარზე გატანას და მარშრუტი საქართველოზე გაივლის - ალიევი

პუბლიკა

დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართეს, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი გეგმავს გაზარდოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის ექსპორტი. ენერგოექსპორტის მარშრუტები კი საქართველოზე გაივლის, მეტად დაიტვირთება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ამუშავდება ბაქო-სუფსა.

ასევე, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი გეგმავს ელექტროენერგიის საერთაშორისო ბაზრებზე გატანასაც, რისი მარშრუტიც ასევე საქართველოზე გაივლის.

„ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიმართულების პროექტების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.

10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობა განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.

ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, იმისთვის, რომ ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებითაც საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ. საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, ენერგოდერეფნების პოტენციალი, კეთილდღეობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

LB loan image desktop LB loan image mobile