საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
„საქართველო, რომელიც ერთგულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებების და მიერთებულია არა ერთ კონვენციას, თუ ხელშეკრულებას, მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ტაივანს აღიარებს, როგორც ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს.
საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.
პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.
მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა”, _ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ისინი ამბობენ, რომ ქართველი ხალხი ისტორიულად კეთილგანწყობილი იყო და მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას.