ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა პროვოკაციული ქმედებებისა - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

„ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ“, –  ამერიკის საელჩო საქართველოში საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“, – ნათქვამია აშშ-ის სალეჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


11 ივლისის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

მათივე ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და  შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

მოგვიანებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრილი და დაკავებული კაცი ახალგორის საავადმყოფოშია.