„ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას" - ლენარჩიჩი

პუბლიკა

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი გმობს რუსულ კანონს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხალხის ნება უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ მა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დასასრულს ისაუბრა და თქვა, რომ ისინი საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე გააგრძელებენ.

„ჩვენ ვიზიარებთ სურვილს, რომ ვნახოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ გზაზე, ეს ასევე არის ქართველის ხალხის ნება და ახლა ქართველმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, იმუშაონ რეფორმებზე და წინ წაიწიონ არჩეულ ევროპულ გზაზე. იყო კანდიდატი ქვეყანა მოითხოვს ახალ ძალისხმევასა და ზრდის პასუხისმგებლობას როგორც მთავრობის, ასევე, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანას, თუმცა მკაფიოდ ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ეს ქართველი ხალხის სარგებელშია და დღეს ჩვენ ვგმობთ იმ კანონის შემობრუნების მცდელობას, რომელიც წინა წელს უკვე დავგმეთ”, – განაცხადა მან.

ევროპარლამენტში რუსული კანონის შესახებ დებატები მიმდინარეობს – იქ წარდგენილია რეზოლუციის 4 პროექტი, რომელსაც ხუთშაბათს უყრიან კენჭს.

ევროპარლამენტში ინიციირებული ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტის თანახმად ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ის მსგავსია რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებული კანონისა.

პროექტის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მისი მიღება არამხოლოდ დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ ძირს გამოუთხრის დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიების საქმიანობებს.