„ვგმობთ ოჯახში ძალადობას“ | რუსთაველის თეატრი ნინუცა მაყაშვილთან ინტერვიუს ეხმაურება

პუბლიკა

რუსთაველის თეატრი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემა „ფარულ კონვერტში“ გასულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ოჯახში ძალადობის შესახებ ჰყვება. მსახიობის ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის მსახიობია. როგორც ნინუცა მაყაშვილი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

რუსთაველის თეატრი Facebook-გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც წერია:„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“.

გუშინ, 12 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა  11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოპდები გაიხსენა. ის ამბობს, რომ ამაზე საუბარი ყოველთვის უჭირდა, ამიტომაც დასჭირდა ამდენი დრო. ახლა კი ბევრად ძლიერია და შეუძლია, ილაპარაკოს ოჯახში ძალადობაზე. მან სხვა ქალებსაც მიმართა და თქვა, რომ არავინ, არცერთმა ქალმა არ უნდა მოითმინოს და გამოიაროს ის, რაც მას გადახდა.

„რთული მოსაყოლია, როცა ამდენი ხანი ჩუმად ხარ, უბრალოდ, არ ლაპარაკობ ამ ყველაფერზე. ასეთი დოზითაა უკვე ქალზე ძალადობა… არასდროს მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ეს მოუწევდა ცხოვრებაში. თუმცა, აღმოჩდა, რომ არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემ გარშემო.

არ მახსოვს პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ. მე ვიყავი ორსულად. ხელის აღება არ იყო. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე რიგი კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომლებიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი მომენტი და სწორი დრო. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა. მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ.

მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ის, რომ როცა შევჭამდი, თეფში და ჩანგალი დროზე არ გამერეცხა; მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ როცა, მაგალითად, წითელ შუქნიშანზე ვიდექი მანქანით და უბრალოდ მოწყენილი ყოფილიყავი, ეთქვა, რომ მე ვარ უჟმური; მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული უბრალოდ ვინმე ბიჭი.

მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამ კომპლექსების კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან. ძალიან მარტივია, სუსტი დაჩაგრო. ძალიან მარტივია ხელი დაარტყა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს. ახლა ნერვები მეშლება, მაგრამ მაშინ სუსტი ვიყავი. ვპატიობდი იმიტომ, რომ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, რადგან იყო რიგი მუქარები ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. ვერავის ვუყვებოდი, რადგან ძალიან რთულია ასეთ რამეზე ილაპარაკო. ბოლოს იყო, როცა ვთქვი, მიშველეთ”, – ჰყვება ნინუცა მაყაშვილი.

გადაცემაში მსახიობი იმ ბოლო ეპიზოდის შესახებაც ჰყვება, რომელმაც საბოლოოდ აიძულა სახლიდან წამოსულიყო. მისი თქმით, ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდა.

„ბოლოს გასტროლებზე იყო წასული. როცა ჩამოვიდა, მე  ბავშვთან ერთად ბებიაჩემთან ვიყავი, მომაკითხა ვიყავი 4 საათზე, მიუხედავად იმისა, რომ  ვთხოვე, დავრჩები და აქ დავიძინებ-მეთქი. მე და ბებიაჩემი ვისხედით და ველოდებოდით. ბავშვი გავაღვიძე, წავედით სახლში და ღამის 4 საათზე რომ დაიწყო ცემა, დილის 8 საათამდე არ გაჩერდა.

ერთადერთი რის თქმაც მაშინ შემეძლო, ეს იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც გვერდზე ოთახში იყო და ტიროდა. როცა მივხვდი, რომ ჩემი შვილი იქიდან უნდა წამომეყვანა, მქონდა ზუსტად 15 წუთი სახლიდან გამოსაქცევად. ბავშვიანად ავიკიდე ექვსი ჩანთა. ტელეფონი არ მქონდა. მეზობლის დახმარებით გამოვიძახე ტაქსი. სადარბაზოდან გასვლის მომენტი ძალიან ცუდად მახსოვს, რადგან შეიძლებოდა გზაში შევფეთებოდი და თუ დამინახავდა, მაშინ საოცრება მოხდებოდა. ტაქსის მძღოლს ვთხოვე, გაეღო კარი და ჩანთებიანად და ბავშვით შევწექი მანქანაში. მერე დაიწყო რეკვა,  მოვიდა ჩემთან სახლში, მაგრამ მერე უკვე ზურგში დედა მედგა“, – ჰყვება ნინუცა მაყაშვილი.

მსახიობ ბესო ზანგურს ონლაინგამოცემა „ნეგაზეთი“ დაუკავშირდა. გამოცემას ის ეუბნება, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ნინუცა მაყაშილის მოყოლილს უარყოფს.