ვგმობთ საპატრიარქოს კოლაბორაციონისტულ განცხადებებს - „ევროპული საქართველო“

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოში“ ამბობენ, რომ გმობენ საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა კოლაბორაციონისტულ განცხადებებსა, ასევე, მათ საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ.

„ჩვენ ვაღიარებთ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისა და ურთიერთჩაურევლობის პრინციპებს, რომლებიც დღეს სრულად მოშლილი და დარღვეულია. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტს ქართული სახელმწიფოებრიობისა და მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერი თანამშრომლობა არის მორალურად სრულად გაუმართლებელი.

მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დიდი ხნის დაგვიანებით მაინც გაწყვიტოს ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით“, – ამბობენ პარტიაში.

პარტიაში ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია ყველა, მათ შორის რელიგიურ შეკრებაზე, სადაც არ ხდება პუტინის და მის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების მკაფიო შეფასება და მით უმეტეს, ხდება მათი პირდაპირი თუ ირიბი გამართლება.