ის რაც უკრაინაში ხდება, საქართველომ უკვე გაიარა. ეს არაა საკმარისი ურთიერთობის გასაწყვეტად - მიტროპოლიტი

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომი და საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა არ არის საკმარისი საფუძველი ორ ეკლესიას შორის ურთიერთობის გასაწყვეტად.

„ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სჭირდება ძალიან სერიოზული არგუმენტები.

ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში დღეს ხდება, საქართველომ ეს გაიარა ჯერ კიდევ 90-იან წლებში და მერე 2008 წლის ომში და ნუ ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს. არასწორია რა. მე ასე მიმაჩნია პირადად“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, რომ რუსეთის პატრიარქი უკრაინაში რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეს ტყუილია.

„ტყუილია. ეს არის გაბუქებული, შეცვლილი ინფორმაცია.

ეს არის სრულიად რუსეთის პატრიარქი და მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეს ომი. ასე რომ, იმის თქმა, რომ პატრიარქი [სიუჟეტი ვნახე და იმიტომ გეუბნებით] ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, არის ტყუილი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ილია II რუსეთის პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს: ამ მძიმე წუთებში გისურვებთ ჯანმრთელობას


მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში იმყოფებოდა და 15 ნოემებრს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარეს შეხვდა.

რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა, რათა დაესწროს მეათე სამეცნიერო კონფერენციას – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“.


დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა. ლიეტუვამ ამავე მიზეზით მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ევროკავშირის მიერ მის დასანქცირებას უნგრეთმა ორჯერ შეუშალა ხელი, თუმცა 17 ნოემბერს პატრიარქმა თქვა, რომ „ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რაც ცივი ომის დროსაც არ ხდებოდა“. უცნობია, ვინ უთხრა მას უარი.

ომთან დაკავშირებით პატრიარქ კირილს ეკუთვნის ისეთი განცხადებები, როგორიცაა: „როცა სამხედრო მოვალეობის დროს კვდები, ეს შლის ყველა ჩადენილ ცოდვას“; „ყველას მოვუწოდებ სულიერი მობილიზაციისკენ, რაც ყველა ძალის მობილიზაციას დაეხმარება“; „მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, სხვისთვის ზიანის მიყენების სურვილი არ გვაქვს“; „რუსეთი და უკრაინა პრაქტიკულად ერთი ერია“ და ა.შ.