ვგულშემატკივრობთ პროდასავლურ პარტიებს, თუმცა საერთო სიას არ განვიხილავთ - დეკანოიძე საერთო პლატფორმაზე

პუბლიკა

პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, ის მიესალმება ოპოზიციის მცდელობას, გაზარდოს მხარდამჭერთა რაოდენობა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე, საერთო სიას ან მსგავს საკითხებს არ განიხილავს. ამით დეკანოიძე გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ საერთო პლატფორმის შექმნის ინიციატივას.

„ჩვენ ვიყავით ავანგარდში კოალიციის შექმნის. ჩვენი ინტერესია, რომ პატარა პარტიებმა საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდონ, რადგან საერთო კალათა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია. ასე რომ ვგულშემატკივრობთ ყველა პროდასავლურ პარტიას და ვთანამშრომლობთ საერთო იდეის გარშემო, რაც არის ევროპული არჩევანი და ივანიშვილის დამარცხება.

რაც შეეხება საერთო სიას ან სხვა ტექნიკურ საკითხებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს საკითხი არ განიხილება. ვფიქრობთ, პირველ რიგში, აუცილებელია არჩევნების მოპოვება და შემდეგ არის შესაძლებელი სხვა საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზე და პრაიმერისის იდეაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.

მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის, საჭიროა პროდასავლური ფარტო ოპოზიციური პლატფორმის ჩამოყალიბება.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების ერთადერთი გზა არის დიდი ერთობა საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა აჩვენოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რისთვისაც სურთ პოლიტიკური, ადამიანური და საინფორმაციო რესურსების გაერთიანება, ერთიანი პარტიის ჩამოყალიბების გარეშე.

გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ისინი ელოდებიან დიდი ოპოზიციური პარტიების, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციების ჩამოყალიბებას.

ოპოზიციური ერთობის შესაქმნელად არსებობს ორი გზა: კულუარულად შეთანხმება და გადაწყვეტილების ხალხისთვის გაცნობა და პრაიმერისი, რომელშიც ხალხი აირჩევს, ვინ უნდა იყოს ლიდერი.