ვიდეო | ავლაბარში ძეგლის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი ჩამოინგრა, მცხოვრებლები დახმარებას მოითხოვენ

ქრისტინე მუჯირი

ავლაბარში, არარატის ქუჩის #12-ში მე-19 საუკუნის პერიოდის სახლის ნაწილი 18 ოქტომბერს ჩამოინგრა. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

სახლში ამჟამად მხოლოდ 2 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი 11 ოჯახი ისნის გამგეობამ გაიყვანა და ყოველთვიურად 300 ლარს იხდის ქირაში.

ნახევრადჩამონგრეულ სახლში მცხოვრები ნელი ცაბაძე  ამბობს, რომ საცხოვრებელი პირობები მძიმეა; ავარიულ შენობაში წყალი ჩადის; შენობაში არ არის გაზი შეყვანილი და ზამთარში შეშის ღუმლით თბებიან.

მისივე თქმით, არ აპირებს, 300 ლარად საცხოვრებელი დატოვოს, რადგან ამ პირობებში საცხოვრებელს ვერ იშოვის.

„გამგეობიდან მოდიან და გვეუბნებიან, რომ 300 ლარს მოგვცემენ და გაგვიყვანენ ქირით. ახლა მე იმ ასაკში არა ვარ, რომ ქირით გავიდე და ასე ვიწანწალო. 300-400 ლარად რა უნდა ვიშოვო. გავიდე აქედან და ამაზე ცუდ პირობებში შევიდე ქირით?“, – ამბობს ნელი ცაბაძე.

ლევან კურტანიძეც ავარიულ სახლში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ უნდა გამოინახოს გამოსავალი, ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნას შენობას და მათ შესაძლებლობა მიეცეთ, თავიანთი საცხოვრებელი გაარემონტონ, ან თავად სახელმწიფომ აიღოს ძეგლის გადარჩენაზე პასუხისმგებლობა.

„გამგეობაში თქვეს, რომ ამ სახლის რეაბილიტაცია 8-10 მილიონი დაჯდებაო, ჩვენ არ შეგვიძლიაო. მე იმის შესაძლებლობას არ მაძლევენ, რომ ინვესტორი მოვიყვანო. მე რა უნდა ვქნა? თეა წულუკიანს ვთხოვ, რომ განიხილონ ეს საკითხი“, – ამბობს ის.

ისნის რაიონის გამგეობაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამგეობას მობინადრეების ქირით გაყვანა შეუძლია, რაშიც ისინი 300 ლარს გადაიხდიან, სხვა ბერკეტი კი არ აქვთ.

„სახლის გამაგრება ეს უკვე ჩვენ არ გვეხება და მათ ვერანაირად ვერ დავეხმარებით. ქირის თანხა არის 300 ლარი. ასე გვყავს ოჯახები გაყვანილი. არის მომენტები, როდესაც ისინი ამატებენ 100-150 ლარს და 300 ლარადაც ძალიან ბევრი ნახულობს სახლს. ვადები არ არის გაწერილი, პირველი ოჯახი გაიყვანეს აღნიშნული სახლიდან 2013 წელს და მას შემდეგ გამგეობა მათ უხდის ბინის ქირას“, – განუცხადეს „პუბლიკას“ ისნის რაიონის გამგეობაში.

შეკითხვაზე, მოსახლეობის სრულად გაყვანის შემთხვევაში, რა ბედი ეწევა სახლს, იმის გათვალისწინებით, რომ ის საფრთხისშემცველია არა მარტო მობინადრეების, არამედ სხვა მოქალაქეებისთვისაც, ამასთან სახლი მაღალმხატვრული ღირებულების ძეგლია– ისნის გამგეობაში გვიპასუხეს, რომ მართალია, სახლი ისნის რაიონში მდებარეობს, თუმცა კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის.

„როდესაც სახლი არის დაზიანებული, სჭირდება გამაგრება და მათ აქვთ ამხანაგობა, მოდიან ჩვენთან პროექტით და ჩვენ ვაკეთებთ ამ სახლების გამაგრებას. 30 სახლი გვაქვს გამაგრებული. თუ ამხანაგობა არ არის და არ მოგვმართავენ, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს არის კერძო საკუთრება“, – განაცხადეს ისნის გამგეობაში.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის ურბანული კულტურული მემკვიდრეობა თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა.

როგორც თბილისის მერიაში „პუბლიკას“ განუცხადეს, გამომდინარე იქიდან, რომ შენობას აქვს კულტურული მემკვდრეობის ძეგლის სტატუსი, საკითხი უფრო კომპლექსურია და საჭიროა, რომ შენობიდან გავიდნენ მობინადრეები, რის შემდეგაც შენობის მდგომარეობა სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ.

„პირდაპირ გეტყვით, რომ წელს ვერ მოხერხდება ამ შენობასთან დაკავშირებით ვერანაირი ცვლილება, რადგან ბიუჯეტი უკვე გაწერილია, შემდეგ წელში შეიძლება ჩაისვას და თბილისის განვითარების ფონდი შემოვიდეს. ასევე, როგორც იცით, დაანონსდა ავარიული შენობების ჩანაცვლლების პროგრამა, სადაც შეიძლება, რომ ეს სახლიც ჩაისვას“, – თქვა მანანა თოქმაჯიშვილმა.


ისნის რაიონში, არმაზის ქუჩის #27/12 მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა რამდენიმე ეტაპით განისაზღვრება. შენობის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პორტალზეა მოცემული.

შენობის მთავარი კორპუსი XIX საუკუნის შუა ხანებს მიეკუთვნება. ეზოსკენ მიმართული ფასადი (ჭვირული, ბრტყელი თაღებით გახსნილი) მოგვიანოა, მესამე ეტაპი კი XX ს-ის დასაწყისს განეკუთვნება, როდესაც სახლი შეილესა და ფასადები მოდერნის სტილის ელემენტებით შეიმკო. გეგმით რუსული პ-ს ფორმის მქონე, ორსართულიანი ნაგებობა, სარდაფის მაღალი სართულით, შიდა ეზოს ირგვლივ ვითარდება.

ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხის სამმალიანი, სამყურა თაღებით შემკული და ხის რიკულებით მოფარგლული, ფართო აივანი, რომელიც დომინანტურ როლს ასრულებს ფასადის კომპოზიციაში.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხის სამმალიანი, სამყურა თაღებით შემკული და ხის რიკულებით მოფარგლული, ფართო აივანი, რომელიც დომინანტურ როლს ასრულებს ფასადის კომპოზიციაში…

„საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არმაზის ქუჩის #27/12 მდებარე შენობა მეტად სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ითხოვს შველას, მით უფრო, რომ მოცემული ნაგებობა XIX საუკუნის თბილისური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი ნიმუში“, – აღნიშნულია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში.