„ბავშვები იზრდებიან ისე, რომ არც ახსოვთ მამა" - როგორ აგრძელებს ცხოვრებას დაღუპული მუშის ოჯახი

ნათია ამირანაშვილი

შორენა გელოვანი 34 წლის ასაკში დაქვრივდა. მისი მეუღლე, 35 წლის თემურ შენგელია 2016 წელს მშენებლობაზე დაიღუპა, მესამე სართულიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. შორენა ამბობს, რომ მშენებლობაზე დაცული არ იყო უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები და მეუღლის დაღუპვა სწორედ ამან გამოიწვია.

შორენა გელოვანი ჰყვება, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მისი მეუღლე იყო, გარდაცვალების შემდეგ კი 3 შვილის რჩენაში ოჯახის წევრები ეხმარებიან.

მისი თქმით, თემურის გარდაცვალებიდან მალე 5 წელი გავა და ამ დრომდე გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, არ გამოკვეთილა მომხდარზე პასუხისმგებელი პირები.

მას სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და კომპანიისგან შვილებისთვის კომპენსაციას მოითხოვს.

ოჯახის ინტერესებს სასამართლოში გაერთიანებული პროფკავშირები იცავს. „პუბლიკასთან“ საუბრისას ადვოკატი სერგო მახარაძე ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა. მისი თქმით, ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, დადასტურდა, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ნორმები დარღვეული იყო. ჩვენი ინფორმაციით, სხვა ექსპერტიზაც დასრულებულია და საქმეში ყველა დასკვნა უკვე მოპოვებულია, თუმცა ჯერ პასუხისგებაში არავინ მიუციათ“, – ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნას – კომპენსაციას, ადვოკატი აცხადებს, რომ ამისთვის სასამართლოში შუამდგომლობის სახით მოითხოვენ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის მიღებას.

„ჩვენ სასამართლოს წინაშე ვშუამდგომლობთ, რომ, ვინაიდან გამოძიებამ არ მოგვაწოდა ეს დასკვნა, გამოთხოვილი იქნეს ეს დოკუმენტები საგამოძიებო ორგანოსგან, რომ შემდეგ მტკიცებულების სახით დაერთოს სასამართლოში მიმდინარე საქმეს, რითაც ჩვენი მოთხოვნები გამყარდება… ოჯახისთვის მთავარია, არასრულწლოვანი ბავშვებისთვის სარჩო დაეკისროს მოპასუხეს“, – ამბობს ადვოკატი და აქვე განმარტავს, რომ დაზარალებულის სტატუსიდან გამომდინარე, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას მხოლოდ გაეცნო, ასლის გადაღების უფლება კი მათ არ აქვთ. ის ყურადღებას გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებითაც ამახვილებს.

„ჭიანურდება გამოძიება. ყველა დოკუმენტაცია, დასკვნა უკვე მოპოვებულია და პასუხისგების გამოკვეთა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რა ხდება გამოძიებაში და რატომ ჭიანურდება, ჩვენთვის უცნობია.

რაც შეეხება სარჩელს, სხდომა უნდა ჩაინიშნოს, რომ სასამართლომ განიხილოს ჩვენი შუამდგომლობა. ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა და გადაიდო იმ არგუმენტით, რომ იქნებ მორიგებულიყო ორივე მხარე, თუმცა კომპანიის მიერ შეთავაზებული წინადადება ოჯახისთვის მიუღებელია. ნოემბრის ბოლოს არის ჩანიშნული შემდგომი სხდომა, რომელზეც, დიდი ალბათობით, სასამართლო განიხილავს ამ დოკუმენტების გამოთხოვის საკითხს“, – ამბობს მახარაძე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა კომპანია „მეგას“ წარმომადგენელსაც. შალვა ბედოშვილი ამბობს, რომ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტულად ვერაფერზე გაგვესაუბრება. რაც შეეხება კომპენსაციის მოთხოვნის სარჩელს, კომპანიის პოზიციაა, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, სანამ გამოძიების შედეგები ცნობილი არ გახდება.

„დამსაქმებლის მხრიდან მომხდარ გადაცდომასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ გაგვაჩნია სასამართლოს აქტი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. გამოძიების შედეგები სანამ არ დასრულდება, ვერაფერზე ვერ ვისაუბრებთ. ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ…

ყველაფერზე პასუხს გასცემს გამოძიება და ექსპერტიზის დასკვნა. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია კი არა, მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგები. გამოძიება რა შედეგებსაც დადებს, იმ შედეგებზე ვიმსჯელებთ, ან დავეთანხმებით, ან არ დავეთანხმებით. და შემდეგ უკვე ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ზომებს მივმართავთ“, – ამბობს ბედოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს „პუბლიკის“ შეკითხვას, რა ეტაპზეა ახლა გამოძიება; არის თუ არა გამოკვეთილი ვინმეს ბრალეულობა (თუ არა, რატომ) და რა მოქმედებები მიმდინარეობს ამ საქმეზე.

ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


სტატია მომზადებულია პროექტის – „შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) შეხედულებებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.