„ჩვენს სიცოცხლეს სასწორზე ვდებთ და მინიმალურ ფინანსებზე გვიწევს საუბარი“ | მაღაროელების პროტესტი

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 10 დასაქმებული მე-8 დღეა შიმშილობს, ხოლო 3 000-ზე მეტი მაღაროელი 14 დღეა გაფიცულია, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. კომპანიასთან კი ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

მაღაროელები, მათი ოჯახის წევრები, თანაქალაქელები ჭიათურის მერიასთან არიან შეკრებილები. იქვე პატარა სკვერში აქვთ გაშლილი კარვები მოშიმშილეებისთვის და ბრეზენტის ნაჭრები წვიმისა თუ მზისგან თავის დასაცავად. შუადღისას ქალაქში მსვლელობასაც აწყობენ ხოლმე, რომ ჭიათურას გააგებინონ თავიანთი ხმა.

ხელფასების ზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, რაც მათ ღირსეული შრომის შესაძლებლობას მისცემს – ასეთია დასაქმებულთა პროტესტის მთავარი მოთხოვნა.

„ისეთი საშიში სამსახური გვაქვს, რომ იქ შესული ადამიანი ვერ იქნება დარწმუნებული, აუცილებლად გამოვა. ჩვენს სიცოცხლეს სასწორზე ვდებთ, ჩვენს ჯანმრთელობას ყოველდღიურად ვაუარესებთ, ვიზიანებთ და გვიწევს რაღაც მინიმალურ ფინანსებზე საუბარი“;

„უნდათ მაქსიმალური სამუშაო მინიმალური ხელფასით. ასე არ გამოვა, ჩვენც ხალხი ვართ, რასაც ითხოვენ, შეუძლებელია, ფიზიკურად შეუძლებელი“; მაღაროელები „პუბლიკასთან“ შრომის პირობებზე, თავიანთ მოთხოვნებზე და კომპანიის დამოკიდებულებაზე საუბრობენ.