ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ელოდა, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს წამოიწყებდა. შემდეგ კი არმიის წარუმატებლობით გაღიზიანებულ კრემლში უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს გადაწყვეტდნენ.
მეტროებსა და თავშესაფრებში მყოფი უკრაინელების ნახვის შემდეგ თავშესაფრების შესახებ ინტერესი გაიზარდა საქართველოშიც. თუმცა უკრაინაში ომის დაწყებამდეც იყვნენ ადამიანები, ვინც საბჭოთა პერიოდში თბილისში აშენებული თავშესაფრებით ინტერესდებოდნენ, იკვლევდნენ ბუნკერებს და ასუფთავებდნენ. თორნიკე კაპანაძეც ერთ-ერთი მათგანია.
თორნიკე ჰყვება, რომ ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირში სერიოზულად განიხილავდნენ ბირთვული ომის საფრთხეს და თბილისში უამრავი ბუნკერი აშენდა. თუმცა თითქმის ყველა მათგანი 90-იან წლებში გაიძარცვა ან განადგურდა. თორნიკე კაპანაძეს ახლა ორგანიზაცია აქვს, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი თავშესაფარი იპოვოს, მოაწესრიგოს და დალუქოს.
თორნიკეს თქმით, მათ აქვთ ხედვა, როგორ უნდა აღადგინონ მათი ნაწილი მაინც. თანაც ბუნკერებს ახლა სხვა დატვირთვაც შეიძლება მოუძებნონ, მაგალითად, ერთ-ერთ მათგანში თორნიკე მუზეუმის მოწყობას ცდილობს.