გამქრალი და შეცვლილი სცენები სერიალ „შუა ქალაქში“

ნანუკა კოხოძე

TV „იმედის“ youtube-არხზე კომედიური ჟანრის ქართული სერიალი „შუა ქალაქში“ ამოჭრილი სცენებით იტვირთება. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასვლის შემდეგ სერიები youtube-არხს ეტაპობრივად ემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა youtube-არხზე, სადაც სერიები წლების განმავლობაში სრული სეზონებით იყო ხელმისაწვდომი, აღარ იძებნება.

„პუბლიკამ“ ვიდეოს მომზადებისას გამოიყენა Adjaranet-ზე განთავსებული სერიები. 18 ოქტომბრის საღამოდან მოყოლებული კი აღნიშნული საიტი საერთოდ გათიშულია.

„პუბლიკამ“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაამოწმა სერიები, რომლებშიც წინა ხელისუფლების თანამდებობის პირები ფიგურირებენ. შედარების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ TV „იმედის“ youtube-არხზე ატვირთულ სერიებში აღნიშნული სცენები აღარ იყო.

მსგავსი შემთხვევები შესაძლოა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ჩვენ გამოვავლინეთ.

მაგალითად, გამქრალია რამდენიმე ისეთი სცენა, სადაც ჩანს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო. „იმედის“ youtube-არხზე ატვირთულ ვერსიაში, ვეღარ ვხვდებით გიგი უგულავას სცენას.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ „შუა ქალაქიდან“ სცენები პოლიტიკური მოტივაციის გამო ამოიჭრა, რათა სერიალში აღარ გამოჩენილიყვნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან რაიმე სახით დაკავშირებული სახალისო მომენტები.

„მაგალითისთვის, მე-5 სეზონის ფინალურ (24-ე) სერიაში ამოჭრილია საახალწლო ეპიზოდის სპეციალური სტუმარი გიგი უგულავა, მაშინ, როცა სხვა სტუმრებს („მწვანე ოთახის” სოლისტი, დუეტი „ჯორჯია”) სერიაში ისევ ვხედავთ.

მე-6 სეზონიდან youtube-ვერსიაში ამოჭრილია ირაკლის კაბინეტის სცენები (ჯანდაცვის სამინისტრო). ზოგი სცენა არის (თუ სერიის ფინალთან აშკარა კავშირი აქვს და არც არავის ახსენებენ მაღალჩინოსნებიდან); უმეტესობა ამოჭრილია“, – წერს facebook-მომხმარებელი ალექსანდრე მიშველაძე.

ამჟამად „tv იმედის“ youtube-არხზე სერიალი „შუა ქალაქში“ მეშვიდე სეზონის მეთხუთმეტე სერიის ჩათვლითაა ხელმისაწვდომი.

„პუბლიკამ“ „ტელეკომპანია იმედს“ შეკითხვებით მიმართა. მათ კითხვებზე პასუხის გაცემა წერილობით შეგვპირდნენ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.