კინოს დამდგმელი მხატვარი ლაშა ზამბახიძე 2002 წელს კალიფორნიაში სასწავლებლად წავიდა, შემდგომ კი მოღვაწეობა კინოინდუსტრიაში დაიწყო.
ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო, ექიმების დანიშნულებით, კალიფორნიაში ყოფნისას, კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტით მკურნალობას მიმართავს ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ მას აღნიშნული წამალი აშშ-ში ექიმმა გამოუწერა და შესაბამისი დოკუმენტიც აქვს, საქართველოში ჩამოსვლისას ქვეყანაში ვერ შემოაქვს, ვინაიდან ეს საქართველოს კანონმდებლობით არაა დაშვებული.
როგორც იურისტი გიორგი მახარაძე განმარტავს, კანაფის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების – THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლის) გამო, კანაფი და მისგან მიღებული პროდუქტები ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაშია. და იმ შემთხვევაში თუ კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტი ამ ნივთიერებას შეიცავს, მისი ქვეყანაში ლეგალურად მიღება შეუძლებელია.
„იგივე სია მოიცავს მორფინს, ფენტანილს, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებებია, თუმცა მათი სამედიცინო მიზნით გამოყენება დასაშვებია; რა თქმა უნდა, მკაცრად რეგულირებული, თუმცა მაინც დასაშვებია. ხოლო კანაფისა და მისი პროდუქტების შემთხვევაში ეს დაშვებაც არ ხდება“, – ამბობს იურისტი.
გამოცემა „პუბლიკა“ და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“ წარმოგიდგენთ სიუჟეტების სერიას კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ.
პირველი ნაწილი დაეთმობა კანონმდებლობის ანალიზს;
მეორე ნაწილში გაეცნობით კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების თანამედროვე მედიცინაში გამოყენების პრაქტიკას, საქართველოში არსებული ვითარების ანალიზს; მოისმენთ ექიმების რეკომენდაციებსა და შეფასებებს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების საჭიროებაზე.