სოციალური საწარმოები საქართველოში ხშირად ერთადერთი ადგილია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან დასაქმებულები. პანდემიის დროს საქმიანობის გაჩერებამ, სოციალურ საწარმო „ბაბალე“ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. თანამშრომლების ხელფასები გადახდა მაისის ჩათვლით გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ კი მხოლოდ მინიმალური ხარჯების დაფარვას ახერხებენ.
სპციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ქოლგის ქვეშ 2014 წელს შეიქმნა. საწარმოში დასაქმებულია 17 ადამიანი, მათგან 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, დანარჩენი კი მშობლები.
„ბაბალეს“ შექმნის იდეა მშობლებში დაიბადა. მე თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი ვარ. როდესაც მშობლები ვფიქრობთ ჩვენი შვილების მომავალზე და მათ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, რა თქმა უნდა, დასაქმება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ მიზნის გარშემო ფიქრის დროს გავიგეთ სოციალური საწარმოს ფორმის შესახებ და გადავწყვიტეთ, გვეცადა. ჩვენი სამიზნე ჯგუფია ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთა დასაქმების პერსპექტივა საქართველოში ძალიან ბუნდოვანია”, – ამბობს „ბაბალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე.
სოციალურ საწარმო ორ სივრცეს აერთიანებს – შემოქმედებით სახელოსნოს და მაღაზიას, სადაც მზა პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. „ბაბალეში“ მზადდება ხის, ტექსტილისა და კერამიკის მრავალფეროვანი ნივთები და აქსესუარები. საწარმოს ძირითადი შემოსავალი კორპორატიული შესყიდვებია. სხვადასხვა კომპანიას შეთავაზებებს უგზავნიან და სადღესასწაულო დღეებში, ან სხვა ნებისმიერ დროს მათთვის სასაჩუქრე პაკეტებს ამზადებენ. 2019 წელს „ბაბალე“ წლის სოციალური საწარმო გახდა, რადგან აჩვენა წლიური შემოსავლის მაღალი ბრუნვა, დასაქმებული ადამიანების სტაბილური რაოდენობა და ა.შ.
„მიუხედავად ამისა, რამდენად წარმატებულადაც დავასრულეთ 2019 წელი, იმდენად რთულად დაიწყო 2020 წელი. თან ჩვენ გვქონდა გერმანიის საელჩოს გრანტი, რომლის ფარგლებშიც შევიძინეთ დამატებითი დანადგარები კერამიკისთვის, ქსოვილის პრინტერი და ვფიქრობდით, რომ უნდა აგვემუშავებინა თებერვლის ბოლოს. მაგრამ „ბაბალე“, ფაქტობრივად მარტიდან, გაჩერებულია. კარანტინის დროს დაკეტილი იყო ყველაფერი. მაისიდან, როცა უკვე გასვლის უფლება მოგვცა სახელწმიფომ, ინერციით გამოვედით, თანაშრომლები მოვიდნენ, დავიწყეთ რაღაცების კეთება, მაგრამ შევხედეთ, რომ აზრი არ აქვს ჩვენს მუშაობას, რადგან პრაქტიკულად ვერ გავდივართ კლიენტებამდე. კორპორატიული კლიენტები არ არიან, ტურისტები არ არიან და შესაბამისად, შემოსავალი არ არის”, – ამბობს ლია ტაბატაძე.
სოციალური საწარმო ამ ეტაპზე მთლიანად ონლაინგაყიდვებზეა გადასული. რიგითი მოქალაქე, ვისაც მოეწონება „ბაბალეს“ პროდუქცია, ონლაინ ყიდულობს ხოლმე, თუმცა როგორც ლია ტაბატაძე ამბობს, ეს არ ჰყოფნის საწარმოში დასაქმებული ადამიანების სახელფასო ბიუჯეტს. მაისის შემდეგ თანამშრომლებს საწარმოდან ხელფასი არ მიუღიათ. „ბაბალე“ საცალო გაყიდვებით იჯარის თანხისა და მინიმალური ხარჯების ანაზღაურებას ახერხებს.
გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.