„როგორიც უნდა არ უნდა მოდიოდე, ყველანაირს მიგიღებთ“ | „ბაღჩა“ ფსიქოემოციური მხარდაჭერისთვის

პუბლიკა

მებაღეობისა და ჩაის კულტურის შესწავლა, ქარგვა, კეთილგანწყობილი, უსაფრთხო გარემოს შექმნა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიზნებისა, რასაც „მანდალას“ გუნდი და მათი პროექტი „ბაღჩა“ ისახავს.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა ფსიქოემოციური მდგომარეობის ხელშესაწყობად – ასეთია მათი კონცეფცია, რომლის შესახებაც უფრო ვრცლად პროექტის კოორდინატორი მარიამ უბილავა გვესაუბრება.

„გვინდა, ჩვენი დაზიანებული სულების მოშუშების პროცესში ვისწავლოთ, სხვებსაც როგორ დავეხმაროთ. ყველას შეუძლია, მოვიდეს და თავისი ცოდნა გაგვიზიაროს. ეს არის აქაურობის კონცეფცია – როგორიც უნდა არ უნდა მოდიოდე, ყველანაირს მიგიღებთ. ზოგჯერ, შეიძლება, ვიბრძოდეთ, იმედი გაგვიცრუვდეს რაღაცებით, რომ ვერ შევძელით, რომ ვერაფერს ვაკეთებთ, ყველა სადღაც გარბის და შენ ჩამორჩი… აქ კი გვინდა, იყოს ის ადგილი, სადაც გადმოიღვრება ეს ყველაფერი და შემდეგ ფიზიკურ ფორმას მიიღებს“, – ამბობს ის.

მისი თქმით, ნარკოტიკების მოხმარებასა თუ მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესს შესაძლოა თან ახლდეს გაღიზიანება, ორგანიზმის გამოფიტვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. როგორც მარიამი აღნიშნავს, მებაღეობა და მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს დრო და სივრცე საკუთარ თავთან დასარჩენად, პარალელურად ეს ემოციები რაღაცის კეთებაში გამოუშვას.

„ამიტომ გვაქვს სოციალური საწარმოს იდეაც. უბრალოდ კი არ გავაკეთებთ და დავდებთ აქ. გვინდა, რომ ეს ადამიანებმა მიიღონ, როგორც მადლი და დაგვიბრუნონ, როგორც მადლი; რომ შეიქმნას სისტემა, სადაც ადამიანები მოვლენ დაღვრემილები ან ბედნიერები, დამუხტულები და ამ ენერგიას გარდაქმნიან – ვიღაც თიხასთან მუშაობისას, ვიღაც – მცენარეებთან…

საბოლოო სია შევქმენით, რისი გამოცდილება გვაქვს და გაზიარება შეგვიძლია – ეს იქნება ჩაი, ქსოვა, იმიტომ, რომ ქსოვის პროცესში მედიტირებ და სასიამოვნოა, როცა შეგიძლია, რაღაცას მალევე მისცე სახე“, – ამბობს ის.

რატომ მებაღეობა? – პროექტის წევრებს ამაზე არგუმენტირებული პასუხი აქვთ. მებაღეობის მასწავლებელი ანი ხიჯაკაძე გვეუბნება, რომ ბუნებასთან სიახლოვეს სიმშვიდე მოაქვს, რადგან მცენარეებთან და მიწასთან კონტაქტი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.

„ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ბუნებასთან უშუალო კონტაქტია. ოდითგანვე გვიწევდა მიწათმოქმედება, ბუნებასთან შერწყმის გარეშე ვერ გადავრჩებოდით – ეს იქნებოდა ბუნებრივი რესურსების გამოყენება თუ ადაპტაცია.

ჩვენი გენეტიკური კოდი თუ უბრალოდ სული განაპირობებს ამას, რომ რაც უფრო ახლოს ვართ მიწასთან, ბუნებასთან, მცენარეებთან, მით უფრო მშვიდად ვართ. ადამიანები იმისთვის შევიქმენით, რომ ერთად ვიყოთ ჩვენ და ბუნება“, – ამბობს ის.

მასწავლებელი განმარტავს, რომ მებაღეობის შესწავლის პროცესში ბენეფიციარები თესლიდან მცენარის გაზრდისა და თესლის ხელახლა მიღების ციკლს აკვირდებიან.

„როდესაც მცენარეებს ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, ვიწყებთ თესლიდან. თესლს ვაკვირდებით  გაღვივების პროცესიდან, ვსწავლობთ, როგორ შევქმნათ ის პირობები, რომ გასკდეს, იქიდან ფესვი მიწაში წავიდეს, ღერო ზემოთ ამოვიდეს, გაძლიერდეს, ნელ-ნელა ფოთლები მოემატოს… მერე უკვე მცენარე ახლიდან გვაძლევს თესლს. ამ ციკლის დაკვირვება ყველაზე საინტერესოა“, – ამბობს ის.

„მანდალას“ პროექტის წევრი სალომე შამანაძე სამკურნალო მცენარეებით არის დაინტერესებული. ამბობს, რომ ამ სივრცეში მისი ინტერესის გასაღრმავებლად ხელშემწყობი გარემო აქვს.

„მე ყველაზე მეტად მაინტერესებს ის სარგებელი, რომელსაც მცენარეები გვაძლევენ. ჩაი და ნაყენი არის გზა, ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს ეს სარგებელი. აქ არის სივრცე, რომ ძველი წიგნები მოვქექო და ვიკითხო ეს რეცეპტები, ან ინტერნეტი გამოვიყენო და საზღვარგარეთ მცხოვრები ხალხის გამოცდილება ვნახო…

ჩვენი მიზანია, გვქონდეს გასაყიდად მომზადებული სხვადასხვა დანიშნულების ჩაი.

ასევე, გვინდა, შეიქმნას შაბათის კაფე, სადაც პარასკევს კლუბში ნამყოფ ადამიანებს შეეძლებათ ენერგიის აღდგენა, ნივთიერებების დანაკლისის შევსება სხვადასხვა ტიპის ჩაით, ნაყენით, პროტეინბარებით. იქნება ენერგიის მოსამატებელი თუ სურვილის მიხედვით, დამამშვიდებელი ჩაი.

[ფსიქოაქტიური ნივთერებების მოხმარება] აზიანებს ჩვენს ტვინს, ნეირონულ კავშირებს, როზმარინი კი არის მცენარე, რომელიც იდეალურია ამ ყველაფრისთვის. გვაქვს სხვადასხვა კომბინაციაში როზმარინის ჩაი, რომ გავაძლიეროთ ნეირონული კავშირები, მეხსიერება, ტვინის ფუნქცია… ასევე შაბათს აქ მოსულ ადამიანს შეეძლება, მოუსმინოს მშვიდ მუსიკას, ივარჯიშოს ან უბრალოდ მშვიდ გარემოში იყოს და გაიცნოს საინტერესო ხალხი, მცენარეებთან ჰქონდეს შეხება, მოუაროს ან გააცნობიეროს, რომ მასთან ლაპარაკიც კი შეიძლება“.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია, მას „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ-თბილისი) ახორციელებს.


პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია, მას „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ-თბილისი) ახორციელებს.