Video Player

რუსი სამოქალაქო აქტივისტი ქართულ ციხეში

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე – ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული.

მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო – მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.

ზინოვკინამ სასამართლოზე ასევე ისაუბრა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და სექსუალური ხასიათის მუქარაზე.

„პირი, რომელიც მაკავებდა, ხელს იდებდა სასქესო ორგანოზე და მეუბნებოდა, თუ გავინძრეოდი, სხეულის ამ ნაწილით დამსჯიდა“, – განაცხადა ზინოვკინამ სასამართლოზე;

ანასტასიია ზინოვკინა რუსი სამოქალაქო აქტივისტია, ის 2012 წლიდან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იყო ჩართული რუსეთში ანტისამთავრობო აქციებში, არაერთხელ იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა თუ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით – ბანერის გაშლისა თუ გზის გადაკეტვის გამო. ის იყო ალექსეი ნავალნის აქტიური მხარდამჭერი.

საჯარო წყაროებში გავრცელებული ცნობებით, ზინოვკინა საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. არტემ გრიბული კი მობილიზაციის დაწყების შემდეგ სომხეთში მიდის. ანასტასიია ერთ წელში სომხეთში გადავიდა, 2024 წლის ზაფხულში კი ორივე ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ისინი თბილისში დროებით იმყოფებოდნენ, იანვარში მათ სამხრეთ ამერიკაში გამგზავრების ბილეთი უკვე შეძენილი ჰქონდათ.

ადვოკატის ცნობით, ის და არტემი მონაწილეობდნენ თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში, გამოხატავდნენ მხარდაჭერას აქციის მონაწილეებისადმი და უმასპინძლდებოდნენ მათ ყავით და ჩაით.

შოთა თუთბერიძე „პუბლიკას” უყვება, რომ არტემ გრიბული IT-სფეროში მუშაობდა და ჰქონდა ძალიან კარგი ანაზღაურება.

31 წლის ანასტასია ზინოვკინასა და 24 წლის არტემ გრიბული კრიმინალურმა პოლიციამ 17 დეკემბერს დააკავა. მათ წინააღმდეგ აღძრული მუხლი ქართული კანონმდებლობით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება და სასჯელის სახით 8-დან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.