„ყოველდღიურად მიწევს უნივერსიტეტში წასვლა, დედაჩემი დასაქმებულია, მყავს მარტო მამა, ვისაც ჩემი წაყვანა შეუძლია. თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ხშირად ვერ ახერხებს გარეთ გამოსვლასა და ჩემს სახლიდან გაყვანას. ამის გამო ხშირად მიწევს ლექციების გაცდენა, რაც უარყოფითად აისახება ჩემს სწავლის ხარისხზე“, – უყვება „პუბლიკას“ 32 წლის სტანისლავ ციბულსკი, რომელიც უსინათლოა და პერსონალურ გამცილებელს სექტემბრიდან უშედეგოდ ეძებს.
მისი თქმით, უსინათლოებისთვის გარემო ადაპტირებული არ არის, რაც ერთი ადგილიდან მეორეში მისვლას ართულებს. უსინათლოების ნაწილი პერსონალური გამცილებლის სერვისს მიმართავს – ეძებენ ადამიანებს, რომლებიც მათთან ერთად დღის განმავლობაში გადაადგილდებიან. პერსონალური გამცილებლის პოვნა, უსინათლოების განცხადებით, რთული და გრძელი პროცესია. ზოგიერთი მათგანი პერსონალურ გამცილებელს თვეებია ეძებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა და ამ სტატიის ფარგლებში შეეცადა, გაერკვია, რატომ აქვთ უსინათლო ადამიანებს პერსონალური გამცილებლის აყვანის პრობლემა, მაშინ, როცა ამისთვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამაც არსებობს და ბიუჯეტიდან 300 ლარიცაა გათვალისწინებული.
პროგრამის კრიტერიუმები, სტრუქტურული გაუმართაობა, ბიუროკრატია, სახელმწიფო უწყებებში ინფორმირებისა და კოორდინირების ნაკლებობა – ეს იმ პრობლემის არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც უსინათლოთა ნაწილი, შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად, გამცილებლის აყვანას ვერ ახერხებს.