ვიმედოვნებ, რომ ბელარუსი დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჰქონდა - დარჩიაშვილი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი, რაც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გააკეთოს.

დარჩიაშვილის თქმით, იმედოვნებს, ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით.

„…რაც შეეხება ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, ამასთან მიმართებით ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები. პირველი – გავაკეთეთ კონკრეტული განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება, ჩემი გამოხმაურება. ჩვენ გამოვიძახეთ ბელარუსის ელჩი საქართველოში ახსნა-განმარტებისთვის და გადავდგით ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გადადგას.

შესაბამისად, ამ საკითხის საბოლოო შეფასების ნაწილში, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. მე ვფიქრობ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აღარ იქნება მომავალში, ამ მიმართულებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.