ვინ (არ) ჩაერთვება არჩევნების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში | განხილვა პარლამენტში

პუბლიკა

დღეს, 13 მაისს საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე აირჩიეს. ჯერჯერობით კომისიის წევრები არიან ალუდა ღუდუშაური, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.

დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ ამ გზით აქვთ  ოპონენტებს შანსი, დაამტკიცონ თავიანთი ბრალდების მართებულობა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

პარლამენტში შესულმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისია გაყალბებული არჩევნების „გაპრავებისთვის“ შექმნილი ფიქციაა და რომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მათივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით გაყალბებულ არჩევნებზე საუბარი გვერდით გადადეს და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად გზა წინ გააგრძელეს.

საკითხი განიხილეს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზეც.

ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ „მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილ“ კომისიაში მუშაობა ოპოზიციას არ სჭირდება.

„გითხრეს თქვენ, როგორი არჩევნებიც ჩაატარეთ – ლეგიტიმაციის ზღვარზე – ისიც გითხრეს, რომ ასეთ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებთ ამ ქვეყანაში“, – მიმართა მან „ოცნებას“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სალომე სამადაშვილისა და სხვა დეპუტატების გამოსვლაში არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება დაინახა.

„მინდა, ჩვენს ოპონენტებს მივულოცო, რომ დღეს თავის თავში გადალახეს ბარიერი და იპოვეს ძალა, რომ ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად ეღიარებინათ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია „ჩამოეკიდა“ განცხადებიდან ამოღებულ ფრაზას არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვართან დაკავშირებით [გულისხმობს სამადაშვილის რეპლიკას], თუმცა, მისი თქმით, ლეგიტიმურობა მაინც აღიარეს.

„გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ დასვა საკითხი, დადებული შეთანხმებისა და ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის რეალობაში რამდენად არის აქტუალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„რა უნდა გააკეთოს საგამოძიებომ ისეთი, რაც უაზრობა არ გამოვიდეს საბოლოო ჯამში ან არ ეწინააღმდეგებოდეს ამ [მიშელის] დოკუმენტს?“, – განაცხადა მან.

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი აზრი ის არის, რომ დასრულდეს მტყუან-მართლის გარჩევა.

„მგონია, რომ ეს საგამოძიებო კომისია, ექვსთვიან სამუშაოს რაღაც თვალსაზრისით გაუფუჭებს სამომავლო წარმატების მიღწევის შანსებს. თქვენს ადგილზე უარს ვიტყოდი ამ კომისიაზე. გავაგრძელებდი იმ დოკუმენტით მუშაობას, რომელზეც ყველა პოლიტიკური თითქმის პარტიის ხელმოწერა არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამ კომისიას რაც შეეძლო გაეკეთებინა, გაკეთდა მისი შეჩერებული მუშაობის პარალელურად და უკვე დადებული შეთანხმების ფონზე ის მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს კომისიის მუშაობის გაგრძელებას.

„უკვე დადებული პოლიტიკური შედეგის ფონზე ვთვლით, რომ აღარ არის მიზანშეწონილი ამ კომისიის მუშაობის გაგრძელება, თუმცა უმრავლესობა თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს მისი ნებაა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკვირს ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ეს განცხადებები, რადგან 31 ოქტომბრიდან მოყოლებული ოპოზიცია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობდა.

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, დაახლოებით, ეს თემა გადის იქ, რომ უნდა გამოცხადდეს ამნისტია იმ 6-თვიან კამპანიაზე, რომელიც იყო, ე.წ. ტოტალურ გაყალბებაზე დაფუძნებული.

შეიძლება გამოცხადდეს, თუმცა ამასაც ერთი პირობა უნდა ჰქონდეს ალბათ, დღეის მერე შეწყდეს, არავინ არასდროს აღარ ახსენოს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა“, – თქვა მან.

შალვა პაპუაშვილს ოპოზიციონერმა კოლეგებმა უპასუხეს.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ქვეყანაში მოჯადოებული წრე არ დასრულდება, თუ არ ვაღიარებთ, რომ საქართველოში არჩევნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძალოვანი სტრუქტურები, ადმინისტრაციული რესურსი და მათთან შეზრდილია მმართველი პარტია.

მისივე თქმით, გასული არჩევნების დავიწყება შეუძლებელია, თუმცა „ფურცლის გადასაშლელად“ მიშელის დოკუმენტის შესრულებაა საჭირო.

„რესპუბლიკელების“ წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „მძიმე გაყალბებებით“ ჩატარებული არჩევნები შეფასდა, როგორც ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფი.

„ჩვენი თუ არ გჯერათ და ჩვენი განცხადებები თუ გაღიზიანებთ და ჩვენი სარჩელები თქვენთვის ისეთი თუა, რომელიც ვერც კი წაიკითხეთ და განიხილეთ, ჩვენი პარტნიორების განცხადებები, იმედია, მნიშვნელოვანია თქვენთვის“, – მიმართა მან უმრავლესობას.

სამნიძის თქმით, მტკივნეული მოლაპარაკებების ფონზე ოპოზიციამ ეს საკითხი გვერდზე გადადო, თუმცა მას ვერ დაივიწყებს.

„თუ არ გინდათ, რომ შეწყვიტოს ამ კომისიამ მუშაობა, არ შეწყვიტოს, თუ გინდათ, რომ კიდევ ერთხელ შეიტანოს ეს დისონანსი ამ პროცესში და დაადგინოს კომისიამ, თითქოს არაფერი ხდებოდა ამ არჩევნებზე, კი, ეს კიდევ ერთხელ პრობლემას შექმნის საზოგადოებაში. ამიტომ ვამბობთ, არ გვინდა ეს კომისია, ამას ვამბობდით თავიდანვე, მაგრამ თქვენ მაინც შექმენით ეს კომისია, მას ნდობა არ აქვს, მის დასკვნას ნდობა არ ექნება“, – განაცხადა სამნიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს კომისიის წევრი ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ეს კომისია ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან არცერთ სახელისუფლებო პარტიას არ შეუქმნია არჩევნების შემსწავლელი კომისია.

მისი თქმით, მმართველ გუნდს მთელი ამ დროის განმავლობაში კარი ჰქონდა ღია დატოვებული იმისთვის, რომ ოპოზიცია შესულიყო კომისიაში და მიეტანა თავისი საჩივრები და ფაქტები.

მისი თქმით, ოპოზიციას გამართული საჩივარი ან გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს.

„თავი დაანებეთ ჩრდილის მიყენებას ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმისთვის და გვაცადეთ მუშაობა“, – მიმართა მან ოპოზიციას.

შალვა პაპუაშვილის მსგავსად,  ოპოზიციის განცხადებებზე გაოცება და გაკვირვება გამოხატა კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, კომისიის მუშაობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის შარლ მიშელის დოკუმენტი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში და წარმოადგინონ გაყალბების და დარღვევის მტკიცებულებები.


31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა. კომისიამ პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გამართა.

გივი მიქანაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება, კომისიის მუშაობის ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს. 75-მა დეპუტატმა საკითხს მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღო და კომისიის უფლებამოსილების ვადად 3 თვე განესაზღვრა.