ვინ არიან ახალი სახეები „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში

პუბლიკა

10 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. მოქმედ პოლიტიკოსებთან ერთად სიაში გვხვდება რამდენიმე ახალი სახეც, რომლებიც მანამდე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები არ ყოფილან.

#7 — ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე ქართველი ძალოსანია — სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

ლაშა ტალახაძე 1993 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა.

#8 — ვახტანგ თურნავა

ვახტანგ თურნავა 36 წლისაა.

ის წლების განმავლობაში ICT სფეროში მუშაობდა. ის ფლობს კომპანია „სვიფტ დიგითალის” 100%-იან წილს, შპს „ინტერპორტ ჯორჯიას” 100%-იან წილს, ასევე წილს კომპანიაში „სქილვილი”. მანვე დააფუძნა ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Keepz.

„სქილვილი” აქტიურად თანამშრომლობს USAID-თან. 2023 წლის ნოემბერში მათ შორის დაიწყო თანამშრომლობა პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში. 2024 წელს მათი თანამშრომლობა სხვა პროექტითაც გაგრძელდა.

#10 — გენო პეტრიაშვილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 30 წლის გენო პეტრიაშვილი სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელია. ოქრო მან რამდენიმე კვირის წინ, პარიზის ოლიმპიადაზე მოიგო.

გენო პეტრიაშვილი 11 წლის ასაკში რუსმა და ოსმა სეპარატისტებმა გაიტაცეს. ის სახლში 3 თვის შემდეგ დააბრუნეს.

#15 — ეკა ჭიჭინაძე

ეკა ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძემ წარადგინა, როგორც ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ორგანიზაცია 2016 წელს შეიქმნა.

#16 — შოთა ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი ბიზნესმენია, რომელიც ფლობს წილებს სამშენებლო კომპანიებში. მათ შორის არის კომპანია „ბკ კაპიტალის” 33%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის კიდევ 33%-იან წილს დიზაინერი მაკა კვიციანი ფლობს, რომელიც შოთა ბერეკაშვილის ცოლია. მაკა კვიციანის და, ბაია კვიციანი პარლამენტში „ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატია.

ბერეკაშვილი ასევე ფლობს შპს „ბკ ჰოლდინგის” 50%-იან წილს, შპს „ბ.კ. კაპიტალ ჯორჯიას” 100%-იან წილს, შპს „რიელ ესთეით სოლუშენს”-ის 50%-იან წილს.

საჯარო რეესტრის თანახმად, როგორც შოთა ბერეკაშვილი, ისე მაკა კვიციანი საქართველოს და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ.

#17 — ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი ევროპათმცოდნეა. ის ამ დრომდე არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. მახაშვილი ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

სხვადასხვა წლებში ლევან მახაშვილი იყო მრჩეველი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტში, ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკურ სამსახურში.

#19 — გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია ლოტბარია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის გამოცდილი იურისტია, ამასთან, „სხვადასხვა წლებში იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო და აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის” და „მართვეს” აღმასრულებელი დირექტორი. არის ანსამბლ „ბასიანის” სოლისტი, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე და სზოგადოება „ქართულის” დირექტორი.

#20 — ლიკა შარტავა

ლიკა შარტავა ჟიული შარტავას შვილიშვილია. პროფესიით ფსიქოლოგი და  საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი. ლიკა შარტავა მუშაობდა სამთავრობო არხ „იმედზე”, ამზადებდა სიუჟეტებს „იმედის დილისა” და „იმედის დღისთვის”. ასევე მუშაობდა შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურში.