ხვალ, 27 ოქტომბერს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები ხმას პარტიებს მისცემენ, ხოლო საპარლამენტო მანდატები პარტიების კანდიდატებზე პროპორციული სისტემის შესაბამისად გადანაწილდება.
ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს, რის შემდეგაც უკვე 3 წელია, ისრაელი ღაზას მუდმივად ესხმის თავს. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა ლიბანსა და ირანზეც.
ბენიამინ ნეთანიაჰუ
1990-იან წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვადით მუშაობის შემდეგ, ნეთანიაჰუ 2009 წლიდან, მცირე დროის გამოკლებით, სულ ხელისუფლებაშია. Reuters წერს, რომ ის საზღვარგარეთ ისრაელის მთავარ სახედ იქცა, ქვეყნის შიგნით კი პოლარიზებულ ფიგურად ჩამოყალიბდა.
მისი მხარდამჭერები ნეთანიაჰუს „მეფე ბიბის“ უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ძლიერი ლიდერია, რომელიც ისრაელს მტრულ რეგიონში თავდაცვისთვის სჭირდება. თუმცა, ღაზაში სავარაუდო ომის დანაშაულების გამო, რომლებსაც თავად უარყოფს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია, ხოლო უშუალოდ ისრაელში კორუფციულ ბრალდებებზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რასაც ასევე უარყოფს. Reuters-ის თანახმად, ახლა ნეთანიაჰუ პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს, რომ მისი პარტია „ლიკუდის“ მხარდაჭერა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მკვეთრად შემცირდა. ამ თავდასხმამ ნეთანიაჰუს, როგორც უსაფრთხოების გარანტის რეპუტაცია შეარყია. მისი მთავრობის პოლიტიკა ბევრი ისრაელელისთვის მიუღებელია რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებშიც.
თუმცა 77 წლის ნეთანიაჰუ პოლიტიკურ ბრძოლაში გადარჩენის დიდოსტატად ითვლება. მან განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში არჩევნების შემდეგ „ფართო ეროვნული“ მთავრობის ჩამოყალიბება სურს. თუ პოლიტიკური ჩიხი შეიქმნება, შესაძლოა, მას მრავალი თვის განმავლობაში დროებითი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება მოუწიოს.
ნეთანიაჰუს მთავარი მეტოქეები
გადი აიზენკოტი – ისრაელის არმიის ყოფილი მეთაური, რომელმაც ღაზაში მიმდინარე ბრძოლების დროს შვილი დაკარგა. 66 წლის აიზენკოტი თავს წარმოაჩენს პოლიტიკური სისტემის მიღმა მდგომ ფიგურად, გამოცდილ სამხედრო პირად და უსაფრთხოების საკითხებში მკაცრი პოზიციის მქონე ლიდერად. მისი მოკრძალებული წარმომავლობა და ოჯახის მიერ გაღებული მსხვერპლი მკვეთრად განსხვავდება ნეთანიაჰუს მიერ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გატარებული ათწლეულებისა და მის წინააღმდეგ არსებული კორუფციული საქმეებისგან. ის ხელმძღვანელობს ახალ ცენტრისტულ პარტიას „იაშარ“, რაც ებრაულად „პირდაპირობას“ ან „პატიოსნებას“ ნიშნავს.
ნაფტალი ბენეტი – 54 წლის, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მემარჯვენე შეხედულებების მქონე ყოფილი სპეცრაზმელი, ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი და ტექნოლოგიური სფეროს მილიონერი. ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან გაერთიანდა, რომელიც ცენტრისტულ პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენს. მათ ახალ პარტიას „ერთად“ ჰქვია. მათი გზავნილები ტრავმირებული ერის გამთლიანებასა და ქვეყნის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნებაზეა ფოკუსირებული. ბენეტისა და ლაპიდის ალიანსმა, პოლიტიკური სპექტრის საპირისპირო მხარეს ყოფნის მიუხედავად, ნეთანიაჰუ 2021 წლის არჩევნებში ხელისუფლებას ჩამოაშორა.
ავიგდორ ლიბერმანი – 68 წლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ერთ დროს ნეთანიაჰუს ახლო მოკავშირე იყო. ნეთანიაჰუზე უფრო ხისტი პოზიციების მქონე ლიბერმანმა 2018 წელს მთავრობა დატოვა და პრემიერ-მინისტრი ღაზაში მოქმედი პალესტინელი მებრძოლების მიმართ ზედმეტად რბილი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. მას შემდეგ ის ნეთანიაჰუს ერთ-ერთ ყველაზე მწვავეს კრიტიკოსად იქცა. მისი პარტია „ჩვენი სახლი-ისრაელი“ ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებულ მოქალაქეებს ეყრდნობა.
აირ გოლანი – 64 წლის გენერალი, რომელმაც აღიარება მოიპოვა 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთი ლოკაციიდან ადამიანების გადარჩენით. იგი სათავეში უდგას პარტია „დემოკრატებს”, რომელიც ისრაელის ისტორიული „ლეიბორისტული” პარტიისა და შედარებით მცირე მემარცხენე „მერეცის” ნანგრევებზე დაფუძნდა.
ნეთანიაჰუს მხარდამჭერი კანდიდატები
46 წლის ფინანსთა მინისტრი ბეცალელ სმოტრიჩი და 50 წლის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ითამარ ბენ-გვირი პალესტინელების მიმართ გატარებული უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკის გამო საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
სმოტრიჩი ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სწრაფ გაფართოებას ხელმძღვანელობდა. მან იმედი გამოთქვა, რომ რომ ამ გზით პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას „დაასამარებს“.
ბენ-გვირი, რომელიც 2007 წელს არაბების წინააღმდეგ რასისტული წაქეზებისთვის გაასამართლეს. ის მხარს უჭერს მსჯავრდებული პალესტინელი მებრძოლებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღებას, ციხეებში მყოფი პალესტინელების პირობების გამკაცრებას და ისრაელის მოქალაქეებისთვის იარაღის ფლობის გამარტივებას.
ორივე მათგანი მხარს უჭერს ღაზის სექტორიდან პალესტინელების გაძევებას და ამ ტერიტორიის ისრაელის მიერ ხელახლა დასახლებას.
ულტრაორთოდოქსი მოკავშირეები
ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში პოლიტიკურ გადარჩენას ორ ულტრამართლმადიდებლურ ებრაულ პარტიას — „ერთიან თორას იუდაიზმსა“ და „შასს“ – უმადლოდა.
ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში პოლიტიკური გადარჩენისთვის ეყრდნობოდა ორ ულტრაორთოდოქს ებრაულ პარტიას – „გაერთიანებულ თორას იუდაიზმსა” და „შასს“. მათი მოთხოვნა, რომ მათ თემის ძირითადი ნაწილი გათავისუფლდეს სავალდებულო სამსხედრო სამსახურისგან, ასევე, ჰქონდეთ შრომის ბაზარზე შედარებით დაბალი მონაწილეობა და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულება, ბევრ ისრაელელს აბრაზებს, განსაკუთრებით ომის პირობებში.
პოტენციურად გადამწყვეტი ძალები
პარტიებმა, რომლებიც მკაფიოდ არცერთ პოლიტიკურ ბანაკს არ მიეკუთვნებიან, შესაძლოა ძალთა ბალანსი ნეთანიაჰუს ან მისი მეტოქეების სასარგებლოდ შეცვალონ.
მათ შორის არიან „რაამი“ და „ერთიანი სია“ – ორი პარტია, რომლებიც ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ არაბულ უმცირესობას წარმოადგენენ.
მათ გარდა, პოლიტიკურ ასპარეზზეა ახალი მემარჯვენე პარტია „ისრაელის ხალხი“ და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „რეზერვისტები“. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ორივე პარტიის მხარდაჭერა მერყეობს.