თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, დღეს, 10 იანვარს საპროტესტო აქციების გამო დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მანამდე სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
შუამდგომლობის საფუძველი გახდა მოსამართლის რეპლიკა, რომლითაც მან წინასასამართლო სხდომის მარტამდე გადადების საკითხი განმარტა. ადვოკატების პოზიციით, მოსამართლის ამ განცხადებამ წარმოაჩინა, რომ მას გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.
ქეთევან ჯაჭვაძემ თავის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ვინ არის მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე
ქეთევან ჯაჭვაძემ მოსამართლის კარიერა 2007 წლიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2012 წლიდან.
2019 წლიდან ის უვადოდ გამწესდა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქეთევან ჯაჭვაძემ 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ინსტიტუტი საგარეჯოში მდებარეობდა და ფუქნციონირება 2006 წელს შეწყვიტა.
მას ასევე ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
ამავე წყაროს მიხედვით, ჯაჭვაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
- 1999-2006 წლებში მუშაობდა იურიდიული მომსახურების კომპანია ”სიმართლეში” ადვოკატად.
- 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტად.
- 2007-2009 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.
- 2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
- 2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
- 2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
- 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ერთ-ერთია ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმე.
ელისო კილაძემ 2017 წელს ქეთევან ჯაჭვაძის კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დააყენა.
კილაძე მაშინ ამბობდა, რომ ინსტიტუტი 1996 წელს დაარსდა (სწორედ ეს წელია საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღად მითითებული), ქეთევან ჯაჭვაძე კი 1998 წელს იურისტის დიპლომის აღებას ვერ შეძლებდა.
„რუსთავი 2-თან“ საუბარში „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი აცხადებდა, რომ ინსტიტუტს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მაშინ დაემატა, როცა ქეთევან ჯაჭვაძე მე-2 კურსზე იყო, მანამდე კი ეს იყო საგარეჯოს ბიზნესისა და კვების მრეწველობის ინსტიტუტი.
2017 წლის 26 აპრილს გასულ სიუჟეტში კილაძის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე ამბობს, რომ ინსტიტუტს მხოლოდ სამეურნეო სამართალმცოდნის ლიცენზია ჰქონდა.
ამავე ვიდეოში, დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის ყოფილი რექტორი ავთანდილ ქიტიაშვილი ქეთევან ჯაჭვაძეს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ინსტიტუტში ჩარიცხულმა ბევრმა სტუდენტმა სასწავლო მიმართულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თავდაპირველმა დარგმა ფუნქცია დაკარგა:
„მაქვს მე სამართალმცოდნეობის ლიცენზია მიღებული და ალბათ მერე შეიცვალეს, არა მარტო ჯაჭვაძემ, არამედ სხვებმაც, ეს დარგი აღარ არსებობდა, ქვეყანაში მეღვინეობა აღარ ვითარდებოდა, ქარხნები დაინგრა, ბევრმა შეიცვალა, ბევრი გადავიდა პედაგოგიურზე, ზოგი – სამართალმცოდნეობაზე. […] ძალიან კომპეტენტური ხალხი ასწავლიდა, ისინი ასწავლიდნენ თსუ-შიც და ჩვენთანაც“, – ამბობს ის.
„პუბლიკამ“ ამ ინფორმაციის საჯარო რეესტრსა და სხვა წყაროებში დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო, ვინაიდან ინსტიტუტი გაუქმებულია და მის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია აღარ იძებნება. რეესტრში ინსტიტუტის რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 1996 წლის 13 მარტი.
ამავე სიუჟეტში აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც იმ დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო, აცხადებს:
„როცა დაამთავრა, თუ ის შეესაბამებოდა, თუ ის აღიარებული იქნა განათლების სამინისტროს მიერ თავის დროზე, ახლა შეიძლება 100 წლის შემედეგ ჰარვარდიც გაუქმდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჰარვარდი ვისაც აქვს დამთავრებული… 100 წლის შემდეგ მოსთხოვო ვიღაცას პასუხი და უთხრა, გადაკეთდა ჰარვარდიო და გაუქმდაო, აი, ეს ლოგიკა არის“.
„ქრონიკა პლუსმა“ 2017 წელს გამოაქვეყნა მასალა „ქეთევან ჯაჭვაძის კომფორტის ზონა“, რომელშიც მიმოიხილა მოსამართლის მაშინდელი ქონებრივი დეკლარაცია და გაესაუბრა ჯაჭვაძის მეზობლებს.
„პუბლიკამ“ დღეს ქეთევან ჯაჭვაძის ქონებრივი დეკლარაციის გაცნობა ვერ შეძლო, რადგან თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდულია.
ჯაჭვაძე განიხილავდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეს. 2024 წლის აგვისტოში სწორედ მან მიიღო სადიგოვისთვის საექსტრადაციო პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება.
მოსამართლე ფიგურირებს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის საქმეშიც. ჯაჭვაძე საქმეს არსებითი განხილვის ეტაპამდე უძღვებოდა.
მანვე წარმართა 2020 წელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო პროცესი; „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას წინასასამართლო პროცესი; სააკაშვილის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ნარიმანიძის, ელგუჯა ცომაიას, წოწორიების პროცესი;
2019 წელს მან აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 4 პირს – ბესიკ თამლიანს, კახა კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს.
ამ საქმეში 3 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ბესიკ თამლიანმა კი ბრალი არ აღიარა. მისი ადვოკატი ლევან იოსელიანი იყო. 2019 წლის ივლისში დაკავებული თამლიანი საპატიმროდან 2020 წლის 3 მარტს 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, რასაც იოსელიანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას უკავშირებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო მსჯელობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ბრალდებულებისთვის: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი; გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე; სერგეი კუხარჩუკი.
სასამართლო ამ 11 ბრალდებულის საქმეს ერთ წარმოებად განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ალტერნატივად კი პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენების შუამდგომლობა ჰქონდა, თუმცა სასამართლომ მათი პოზიცია არ გაიზიარა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.