„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ბიუროზე დღეს წარადგენს.
უმრავლესობის წევრების თქმით, კანონპროექტი უკრაინული კანონის ზუსტი ანალოგია. პარლამენტში განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც ვენეციის კომისია უკრაინულ კანონს შეაფასებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, უმრავლესობისთვის ამომავალი წერტილი უკრაინული კანონზე კომისიის დასკვნა იქნება.
რა წერია კანონპროექტში?
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთდროულად სამს აკმაყოფილებს:
ა) მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
ბ) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს (გარდა იმ აქტივებისა, რომელსაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფლობს).
მაგალითისთვის, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, საქსტატის ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 226,2 ლარია. შესაბამისად, წინა მუხლში მოცემული წესის მიხედვით, აქტივების ოდენობა უნდა აღემატებოდეს 226 200 000 მილიონს.
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა
პირი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, თუ ის არის:
ა) პრეზიდენტი; პრემიერი, ვიცე-პრემიერი; მისი მოადგილე; პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე; პარლამენტის წევრი; აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოს ის ხელმძღვანელი, რომელიც არ შედის მთავრობის შემადგენლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოს ხელმძღვანელი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ბ) ან ზემოთ ჩამოთვლილი პირების „ოჯახის წევრი“ ან „ახლო ნათესავი“ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან მასთან დაკავშირებული პირი;
გ) მას პოლიტიკური პარტიის მართვის ორგანოში თანამდებობა უკავია;
დ) მან დააფინანსა პოლიტიკური პარტიის აქტივობები, პოლიტიკური კამპანია ან პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრება ან დემონსტრაცია.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ პარტიის, პოლიტიკური კამპანიის ან აქციების დაფინანსებად მიიჩნევა ამ ქმედებებიდან სულ მცირე ერთი:
- პარტიის მიმართ ან მხარდასაჭერად შეწირულობის გაღება;
- კამპანიის მონაწილეების, ოჯახის წევრების ან აქციების სასარგებლოდ თანხის გაღება; სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება;
- კამპანიების და აქციების აღჭურვა შენობით, ტექნიკით, აპარატურით, ორგანიზაციული დახმარების გაწევა;
- წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება, სარეფერენდუმო კამპანიის დაფინანსება, საარჩევნო რეკლამის დაფინანსება;
მედიაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა
კანონპროექტის მიხედვით, პირს მედიაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, თუ:
ა) ის ფლობს მედიას ან მფლობელის ბენეფიციარია;
ბ) ის არის მედიის მესაკუთრის მაკონტროლებელი;
გ) ამ კანონის ამოქმედების დღისთვის იყო მედიის მესაკუთრე, ბენეფიციარი ან მაკონტროლებელი, მაგრამ მან ეს სტატუსი დაკარგა ამ მუხლის ამოქმედებამდე, რის შედეგადაც მესაკუთრე (დამფუძნებელი), ბენეფიციარი ან მესაკუთრის (დამფუძნებლის) მაკონტროლებელი გახდა დაკავშირებული პირი ან ის პირი, რომელსაც ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად უმწიკვლო საქმიანი რეპუტაცია არ გააჩნია.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ გადაწყვეტილებას პირის ოლიგარქად ცნობაზე იღებს საქართველოს პარლამენტი.
შემუშავდება ოლიგარქთა რეესტრი, რომელიც იქნება საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
რეესტრში მოცემული იქნება პირის პირადი ინფორმაცია და პარლამენტის გადაწყვეტილების დასაბუთება. ასევე იმ პარტიების, მედიასაშუალებებისა თუ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელიც მასთანაა დაკავშირებული.
რა მოხდება, როცა პირს ოლიგარქად ცნობენ
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს აეკრძალება:
- პარტიებისთვის შემოწირულების გაღება, დაფინანსება ან ნებისმიერი სხვა ფორმით დახმარება;
- ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
- პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
ოლიგარქთა რეესტრში შეყვანის შემდეგ პირი ვალდებული იქნება, წარადგინოს ქონებრივი დეკლარაცია.
უმრავლესობის კანონპროექტი ითვალისწინებს ოლიგარქებთან ან მათ წარმომადგენლებთან კონტაქტების დეკლარაციას.
კერძოდ, საჯარო მოსამსახურესა და რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს შორის კონტაქტის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, წარადგინოს კონტაქტის დეკლარაცია.
ოლიგარქთან კონტაქტი გულისხმობს შეხვედრას, ნებისმიერი ფორმით საუბარს (ტელეფონით, პირადად, ელექტრონული საშუალებებით…) მიუხედავად შინაარსისა.
ოლიგარქები ან მასთან დაკავშირებული პირები კომუნიკაციის დაწყებამდე ვალდებულნი არიან, გააფრთხილონ საჯარო მოსამსახურეები, რომ ისინი ოლიგარქთა რეესტრში არიან შეყვანილები.
კონტაქტის დეკლარაცია არ იქნება საჭირო, თუ შეხვედრა შედგება ოფიციალურ ღონისძიებებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა; სასამართლოზე; ხელისუფლების ორგანოთა ინიციატივით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებზე.
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი − კანონის გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს.
ამასთანავე, კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ძალას დაკარგავს მისი ძირითადი ნაწილის ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე.
კანონპროექტში განმარტებულია, რომ კანონის ძალაში შესვლისა და მოქმედების ვადის ეს პრინციპი ნაკარნახევია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითით, რადგან კანონპროექტი შემუშავებულია უკრაინის აღნიშნული კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.