ვინ დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრს

პუბლიკა

გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მედიასთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი ფრაქციის წევრებმა, ჩხეიძეებმა, ქარდავამ და მაჭუტაძემ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა და აცხადებს, რომ თავად მათთან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა ფრაქციის ფორმატში. რა მოხდება, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ. რომ ჰქონოდათ ნათქვამი, ამ განცხადებას მოისმენდით მანამდე. ისეთ ფუნდამეტურ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო და ქვეყნის ევროპული მომავალი, მიუღებელია ის პოზიციები, რომელიც დააფიქსირეს ამ ადამიანებმა. ეს არის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კენჭისყრა ანონიმური იყო და კანდიდატებს მხარდასაჭერად 90-ზე მეტი ხმა სჭირდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობა 84 დეპუტატისგან შედეგება. სამმა კანდიდატმა კი 93, 91 და 93 ხმის მიღება შეძლო. ამის შემდეგ სხდომა დროებით შეწყდა, რადგან ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კენჭისყრის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კანდიდატებზე კონსესუსი არ არსებობდა, რადგან პოზიციების შესაჯერებლად კონსულტაციები არ გამართულა.

„ლელოს“, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, გახარიას პარტიის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა მაშინვე განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ და გაარკვევდნენ, „ვინ გაიყიდა ოპოზიციიდან“.

„ქართულმა ოცნებამ“ პროცესი 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟად შეაფასა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე 2 წევრის ადგილი დარჩა ვაკანტური. ხელახალი კენჭისყრა მომავალ სხდომაზე გაიმართება.