დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირები საქმიანობის პერიოდში, კორუფციულ სქემებს იყენებდნენ, რის შედეგადაც სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას დაეუფლნენ და „უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე”.
„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე ბრალი 8 პირს წარედგინა, მათ შორის, კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძესა და სავარაუდოდ, გიორგი მარუქაშვილს, რომელიც რკინიგზაში იმ პერიოდში ინფრასტრუქტურის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა, სადაც მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 150 000 ლარს შეადგენდა. რკინიგზაში დასაქმებამდე, ის თანაინვესტირების ფონდში „მტკვარი ჰესის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
რკინიგზაში მისი საქმიანობა არაერთი ჟურნალისტური გამოძიების საგანი გამხდარა, მათ შორის, ახლო გარემოცვის წევრების დასაქმებისა და სავარაუდო დაუდეკლარირებელი აქტივების საკითხებზე. მაგალითად, 2023 წელს „სტუდია მონიტორის“ გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ ფერაძის ქონებრივ დეკლარაციაში არ იყო ასახული ახლად აშენებული ფეშენებელური ვილა. ფერაძე აცხადებდა, რომ სახლი ჯერ დასრულებული არ იყო, თუმცა აღნიშნული ქონების შესახებ ინფორმაცია წელს მის მიერ ჩაბარებულ დეკლარაციაშიც არ ფიქსირდება.
გამოძიების ვერსიით, დავით ფერაძემ ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით შექმნა სქემა, რომლის მიზანი იყო „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის მითვისება, მისი წარმომავლობის დამალვა და შემდგომი რეალიზაცია სხვადასხვა კომპანიების გამოყენებით.
ამ საქმეში მონაწილე პირებს შორის არიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც, გამოძიების თქმით, ეტაპობრივად იყვნენ ჩართული აღნიშნულ სქემაში და მონაწილეობდნენ მის ორგანიზებასა და განხორციელებაში.
„შპს ,,კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა დარუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება” – ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „კახეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მალხაზ ომარაშვილია. კომპანია გურჯაანშია რეგისტრირებული. მას სულ 2 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2020 წელს ორივეგან გაიმარჯვა. სწორედ ამ ტენდერებზე საუბრობს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური.
სუს-ის განცხადებით, 2020-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფის წევრები სულ დაეუფლენ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილ 22 120 ტონა შავ ლითონს, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს ,,ჯეოსთილმა“. შპს ,,ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ,,ნოვა ტრანსისა“ და შპს ,,ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება.
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს ნოვა ტრანსის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კურტანიძეა, ხოლო შპს „ჯადექსას” დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე ტორიაშვილი.
დღეს სუს-მა ბრიფინგზე თქვა, რომ სქემაში ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნდა შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.
ჩამოთვლილი კომპანიებიდან ბოლო ორი კომპანიის დამფუძნებლები საჯარო რეესტრის მიხედვით, ჯამალაშვილები არიან.
კერძოდ, შპს სამშენებლო-სარემონტო კომპანია-ხუროს დამფუძნებელი და დირექტორი 2021 წლის თებერვლამდე დავით ჯამალაშვილი იყო, მოგვიანებით მან კომპანიის 100% წილი უსასყიდლოდ ზაზა ბიძინაშვილს გადასცა. შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართიც.
რაც შეეხება შპს „გრანდ კახეთს”, კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნინო ჯამალაშვილია, თუმცა მისი რეალური მფლობელი სავარაუდოდ მისი მამა ანზორ ჯამალაშვილი იყო, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სწორედ ის არის.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად წარმოდგენილი კიდევ ერთი კორუფციული სქემა შპს რაველდის უკავშირდება.
„2022 წლის 29 აპრილს, სს,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს ,,რაველდის“ დირექტორმა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს ,,რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა – შპს ,,რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
შპს „რაველდის” მფლობელი გიორგი ტალახაძეა, კომპანიის დირექტორი კი რევაზი რევაზიშვილი, რომელიც 2022 წელს საქართველოს რკინიგზასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აწერს ხელს. შპს რაველდის სულ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და ისიც საქართველოს რკინიგზის, ორივე შემთხვევაში მან უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე სისხლის სამასრთლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 დაკავეს, ხოლო 2-ზე, მათ შორის, დავით ფერაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.