ვინ შექმნა უკრაინა? ვლადიმერ ლენინმა, როცა საბჭოთა კავშირს ქმნიდა - პუტინი

პუბლიკა

ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის სახელმწიფო ვლადიმერ ლენინმა შექმნა საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებისას. ჟურნალისტებთან მოწყობილ ტრადიციულ, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე Sky News-ის ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, იძლევა თუ არა გარანტიას, რომ არ შეიჭრება მის მეზობელ სახელმწიფოში, რაზეც პუტინი გაბრაზადა და განაცხადა, რომ ნამდვილი აგრესორი ჩრდილოატლანტიკური ალიანსია.

მისი თქმით, დასავლეთი ყოველთვის ეძებდა გზებს რუსეთის გასანადგურებლად. „მათ გაგვაცურეს, მოგვატყუეს NATO-ს გაფართოების ხუთი ტალღით“, – თქვა პუტინმა.

„და რაც მთავარია – რაც არ უნდა გავაკეთოთ, თქვენ ყოველთვის გამოხატავთ „შეშფოთებას“. გაეთრიეთ აქედან თქვენი „შეშფოთებებით“. ჩვენ გავაკეთებთ იმას,რასაც საჭიროდ მივიჩნევთ, გვსურს, დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს უსაფრთხოებაში“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის მოქმედებებს უსაფრთხოების საკითხი განსაზღვრავს და მოსკოვმა მკაფიოდ გამოაცხადა, რომ დაუშვებელია NATO-ს კიდევ უფრო გაფართოება აღმოსავლეთით.

„ჩვენ არ მივსულვართ შეერთებული შტატების საზღვრებთან რაკეტებით. ეს სწორედ შეერთებული შტატებია, რომელიც ჩვენი სახლის ზღურბლამდე მოვიდა თავისი რაკეტებით.

როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები მათსა და კანადის, ან მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე რომ განგვეთავსებინა რაკეტები?! მექსიკასა და აშშ-ს ტერიტორიული საკითხები არ ჰქონიათ? ვის ეკუთვნოდა კალიფორნია? ტეხასი? ნუთუ დაგავიწყდათ? როგორც ჩანს, ყველაფერი მიჩუმდა და აღარავინ არაფერს იხსენებს ისე, როგორც ყირიმზე იხსენებენ, მშვენიერია.

ჩვენ კი არ ვცდილობთ, გავიხსენოთ თუ როგორ შეიქმნა უკრაინა. ვინ შექმნა ის? ვლადიმერ ილიჩ ლენინმა, როცა საბჭოთა კავშირს ქმნიდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


(რედაქციის შენიშვნა) სინამდვილეში უკრაინა საბჭოთა კავშირის შექმნამდე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.