ვინც „ალტ-ინფოს“ პარტიის აკრძალვას უჭერს მხარს, გილოცავთ დამატებით საფუძველს - მარიკაშვილი

პუბლიკა

„მათ, ვინც „ალტ-ინფოს“, როგორც პარტიის აკრძალვის მოთხოვნას უჭერს მხარს, გილოცავთ, თქვენი მოთხოვნის საფუძვლების ერთ კომპონენტს, რომ პარტია ეწევა ომის პროპაგანდას, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური ორგანოს დასკვნა უმაგრებს ზურგს“, – GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი კომუნიკაციის კომისიის მიერ „ალტ-ინფოს“ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, „ალტ-ინფო“ უკვე იურიდიულად აღიარებულია უკრაინაში რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და ომის პროპაგანდისტად.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საჩივარი კომისიამ დაუშვებლად ცნო, იქვე აღიარა, რომ „ალტ-ინფო“ ომის პროპაგანდას ეწევა – სტრატეგიული სამართალწარმოება ჰქვია ამას: რეალურად მოიგო მაშინაც, როდესაც ფორმალურად აგებ. მოიგო იმიტომ, რომ წაგებითაც ზუსტად იმ მიზანს მიაღწიო, რასაც მოგებით მიაღწევდი, თან შეინარჩუნო უფლების დაცვის არსებული მაღალი სტანდარტი“, – წერს ის.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.


კომისიამ გუშინ განცხადება გამოაქვეყნა „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივრის დაუშვებლობაზე, თუმცა იმავე განცხადებაში აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა.

კომისია განმარტავს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა“. მათივე თქმით, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

კომისიის თქმით, ამგავრ დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი არ საჩივრდება არც სასამართლოში, არც კომისიაში და არც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.