კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს" გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს” გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა, – ამის შესახებ აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

კერძოდ, კომისიამ დღეს განცხადება გამოაქვეყნა „ალტ-ინფოს” წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივრის დაუშვებლობაზე, თუმცა იმავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა.

„ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით  24 საათის განმავლობაში  სრულად იკრძალება. აქედან გამომდინარე დაუშვებელია ის მხოლოდ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ გადაცემად მიიჩნეოდეს, ვინაიდან რომელ საათზეც არ უნდა გავრცელდეს ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში, ის ყოველთვის წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის პრინციპებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისია განმარტავს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა”. მათივე თქმით, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

კომისიის თქმით, ამგავრ დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი არ საჩივრდება არც სასამართლოში, არც კომისიაში და არც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.