ვინც ცდილობს, დამოუკიდებლობის დღე ქიშპში გაატაროს, გვართმევს ამ დღეს - „ოცნების“ წევრები პრეზიდენტის გამოსვლაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელისუფლების კრიტიკას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უკმაყოფილება მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდან.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის დღეს მიუღებელია კამათი და ბრალდებები, ისინი კი ვინც „ცდილობს ეს დღე გაატაროს ქიშპში“, გვართმევს ამ დღესასწაულს.

„მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არის დღე, როდესაც არ უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. მე ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთელ საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ. გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

„პატივს ვცემ როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუმცა მის გზავნილებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვერც გავიზიარებ, ვერც დავეთანხმები, გამომდინარე იქიდან, რომ არ მაქვს სურვილი ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს ქვეყნის ინტერესსების წინააღმდეგ ინსტიტუტად.

ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროპა ქვეყნის არჩევანი კი არ არის მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და იდენტობაა. ეს არ არის ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ მთავრობის წევრებიც. საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, დღევანდელმა მთავრობამ ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის. ამიტომ პრეზიდენტის მიერ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის კრიტიკა მიუღებელია.

„ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ერთი შემიძლია გითხრათ თქვენც და ყველას, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი.

ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მეტი, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას“, – თქვა დარჩიაშვილმა.

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვამრა კი განაცხადა, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტობა „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და პოზიციების განსხვავებულობის მიუხედავად, მასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.

„ქალბატონი პრეზიდენტი თავის დროზე იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ის, რომ დღეს იგი პრეზიდენტია, სწორედაც რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ამიტომ, მისი შეხედულებების შეფასებას ახლა ჩვენ არ დავიწყებთ, რიგ შემთხვევებში, მე და ჩვენ მას არ ვეთანხმებით, თუმცა პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას. ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მასთან და ასე გაგრძელდება“, – თქვა ამილახვარმა.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან ხელისუფლება მკაცრად გააკტირიკა.

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა რუსეთთან პირდაპირ ფრენასა და ლავროვის შვილის ჩამოსვლაზე ხელისუფლების რეაქციას, ასევე მმართველი გუნდის მხრიდან დასავლეთის კრიტიკასა და ბრალდებებს ეხებოდა.