„მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ოჯახს შეეხება, რაც ყველაზე წმინდაა, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ, დღესაც“, – ასე უპასუხა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეკითხვას, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი. მისი თქმით, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ეს არ აინტერესებს.
„მანახეთ ერთი ქართველი კაცი, ვაჟკაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილის შვილი.
ბერა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც ის იყო 15-16 წლის თინეიჯერი მასზე და მის ოჯახის მისამართით იყო შეურაცხმყოფელი თავდასხმა. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ 100-200-კაციანი ჯგუფი თავს ესხმოდა მის გულშემატკივრებსაც.
„ჩემთვის ყველაზე შეურაცმხყოფელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე 10-11 წლის ბავშვებზე მასიური 100-200 კაციანი ჯგუფების თავდასხმა. ე.ი. იქ იყო მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, იქ წერდნენ ბავშებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. ნუ რაღაც ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, რასაც მე აქ ეთერში ვერც კი გავიმეორებ. რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ, ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, მორალის თუ ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
„ TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.