ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახი 11 სხვადასხვა კომპანიაში ფლობს წილს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და მის ოჯახს 11 სხვადასხვა კომპანიაში აქვთ წილი.

ვიქტორ ჯაფარიძე 3 ოქტომბერს „ქართულ ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს შეუერთდა მოძრაობა „ხალხის ძალაში“ და ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი 520 000 ლარად იყიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ასევე ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. ხოლო ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565 ლარი მიიღეს.

„ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533 000 ლარი გაიღეს – „ქართულ ოცნებას“ 468 000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65 000 ლარი შესწირეს“, – წერს TI.

ვიქტორ ჯაფარიძის წილები:

TI-ის ცნობით, მესტიაში ვიქტორ ჯაფარიძე შპს-ის „სეტი+“ 33.3% წილის მფლობელია. კომპანია კი მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო Posta Hotel-ს ფლობს. სახელმწიფო შესყიდვებში შპს „სეტი+“ 2019 წლის ივლისიდან ჩაერთო და უკვე 38 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რამაც 292 545 ლარს მიაღწია.

„შპს-მ „სეტი+“ 2017-2020 წლებში სახელმწიფო პროგრამებიდან, ჯამში, 528 150 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო, საიდანაც პირველი სუბსიდია კომპანიის რეგისტრაციიდან 12 დღეში – 2017 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ჯაფარიძის ცოლის, ნათია ხვისტანის წილები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, ნათია ხვისტანი შპს „ქცია 94“-ის 66.99% წილის მფლობელია. კომპანია კი მცირე სიმძლავრის ჰესს – „დაშბაშიჰესს“ ფლობს წალკაში.

TI-ის ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძის შევსებული დეკლარაციებიდან ჩანს, რომ ამ შპს-დან ჯაფარიძის ოჯახამა 1 810 484 ლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო 2011 და 2013 წლებში ვიქტორ ჯაფარიძემ, როგორც კომპანიის კონსულტანტმა, 164 800 ლარიანი ანაზღაურება.

„აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წევრი, ხელახლა, 2012 წელს გახდა. მის მიერ 2013 და 2014 წლებში შევსებული დეკლარაციებით კი ირკვევა, რომ  იგი 2012 და 2013 წლებში, შპს „ქცია 94“-ში კონსულტანტად მუშაობდა და  პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა“, – წერს TI.

ნათია ხვისტანი ასევე, 50%-იან წილს ფლობდა All Seasons-ში. რომელიც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორს, ოთარ ჩართოლანს 2022 წლის 1 აგვისტოს მიჰყიდეს.

TI წერს, რომ All Seasons ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული პირსაგამტეხლოსგან ორჯერ გათავისუფლდა.

ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევით, ოთარ ჯაფარიძე მესტიაში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის 50%-იან წილს ფლობდა, მოგვიანებით კი ის უსასყიდლოდ გადასცა ბიზნესპარტნიორს. თუმცა მიუხედავად კომპანიის მფლობელის ცვლილებისა, შპს „რეფილ პეტროლიუმ ჯორჯია“ კვლავ ოთარ ჯაფარიძის მისამართზეა რეგისტრირებული.

„შპს „რეფილ პეტროლეუმ ჯორჯიასგან” 2021 წლიდან დღემდე მესტიის მერიამ გამარტივებული წესით 24-ჯერ შეიძინა საწვავი, მესტიის დასუფთავების სამსახურმა კი – ერთხელ. ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ 324 075 ლარი შეადგინა“, – წერს TI.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ოთარ ჯაფარიძე ასევე ფლობს შპს „ექსპერტჰაუსის“ 43% წილს. 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიას 40 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდან 12 შემთხვევაში გაიმარჯვა, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 3 522 705 ლარი შეადგინა. „ექსპერტჰაუსმა“ 86 189 ლარის ღირებულების 3 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო.

„ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს „TOB კონსტრაქშენის“ 50% წილის მფლობელი. შპს-მ სულ ორ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, 2018 წელს და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ორივე შემთხვევაში შემსყიდველი „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ იყო. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 3 635 920 ლარი შეადგინა“, – ნათქვამია TI-ის კვლევაში.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, ჯაფარიძე კიდევ რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილს.

ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილები:

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, ეკატერინე ჯაფარიძე შპს „ავენიუ 106”-ის 100% წილის მფლობელია. იგი ამავე სახელწოდების სასტუმროს მესაკუთრეა, სასტუმრო კი ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის საკუთრებაში არსებულ, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფართშია განთავსებული.

ამასთან, TI-ის მიხედვით, ჯაფარიძეები მესტიასა და თბილისში არაერთ ქონებას ფლობენ. მხოლოდ მესტიაში რვა მიწის ნაკვეთს ფლობენ, რომელთა ჯამური ფართობი 30 313 კვადრატული მეტრია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, მათი კვლევიდან ჩანს, რომ ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი.

ხოლო საჯარო სამსახურის ბიურომ საგანგებოდ უნდა შეამოწმოს დეპუტატის  ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.