თუ საარჩევნო წესებზე გარანტია, დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ - ელისაშვილი

პუბლიკა

„ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ, წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩენო სისტემა იყოს”, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა facebook-მიმართვის დროს. ვიდეოში ის საუბრობს იმ მიმართულებებზე, რისთვისაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან „იბრძვის”. ელისაშვილი ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, რაც, მისი აზრით, „საშვილიშვილო” საქმეა. გთავაზობთ მის კომენტარებს:

„31 ოქტომბერს საზიზღარი არჩევნები იყო. ხომ ნახეთ? არჩევნები გაყალბდა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს „ქართულმა ოცნებამ“. ახლა რომ გვეუბნებიან, შემოდით პარლამენტშიო, ვითომ არაფერი მომხდარა, რა თქმა უნდა, ვინ ოხერი?! ვინ შევა?! მე ან ვინ შევა?… არა, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ. იმ მოლაპარაკებებზე მიდის პოლიტიკური ფასის გადახდაზე ლაპარაკი – როგორ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნება“ ცუდად, საზიზღრად ჩატარებული არჩევნებისთვის.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – არ დავმალავ, ყოველთვის მითქვამს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც იმ მოლაპარაკებებზე დავდივარ, არის ის, რომ რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, ან მე ან ჩემს პარტიას, არამედ მთავარი არის ერთხელ და სამუდამოდ  ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს არჩევნები. არჩევნებს ვენდობოდეთ, არჩევნებზე მივდიოდეთ, როგორც ზეიმზე. გავიხსენოთ, ნანა დევდარიანი, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, თამარ ჟვანია, რასთან არიან ასოცირებულები ხომ? ეს ხალხი საქართველოსთან შერცხვენილი ხალხია, არჩევნების გაყალბებით.

მე მინდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პატივსაცემი ადამიანი. ამისთვის ვირჯები. ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ, წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩენო სისტემა იყოს, რომელიც მორგებული კი არ იქნება რომელიმე პარტიაზე, არა, ქვეყნის მომავალზე იქნება მორგებული…

ისეთი წესები წამოვიღოთ, ისეთი წესები გვეჭიროს ხელში, და ისეთი საარჩენო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ეს საშვილიშვილო შედეგი მინდა წამოვიღო. და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად.

[მოლაპარაკებებზე] დროის ¾ ეთმობა დეტალებზე ლაპარაკს, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ცესკო, თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, საუბნო კომისია როგორი იყოს, არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს, ბიულეტენის ჩაყრის პროცესი როგორი უნდა იყოს, დაკვირვება როგორი უნდა იყოს და სხვა. ამას მივყვებით საათობით… რომ იმ მოლაპარაკებისგან გამოვიტანოთ საშვილიშვილო რაღაც…რომ ჩვენს შვილებს ვუთხრა, რომ ხალხო, დაისაჯა „ქართული ოცნება” იმით, რომ ხელში გვიჭირავს გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. საარჩევნო წესები – ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ა.შ. რითაც გამოვრიცხავთ [გაყალბებას]… რომ შემოვხაზოთ და მერე აღარ გვქონდეს იმის შიში, რომ ვიღაც თამარ ჟვანია და ვიღაც იქ რაღაცას იმამაძაღლებს. ამისთვის ვიბრძვი…

პირდაპირ გეუბნებით, მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებიდან ეს გამოვიტანოთ, საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ. გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, სანდო საარჩენო კომისიის დაკოლპლექტების წესი… ეს არის ეროვნული ამოცანა,რომელსაც მივადექით ყველანი. თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანას ეშველოს და ამოისუნთქოს, თუ გვინდა, რომ ხელისუფლებები იცვლებოდეს, ვინც დაპირებებს არ ასრულებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებიდან ამ გარანტიის გამოტანა შეძლო, პარლამენტში შევა.

„… აი, ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალ, ისე გახადეს, პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება, საქართველოს უნდა ვუღალატო, პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყვილა პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი რომ შემიგდონ, და არც შევდივარ, ხომ ხედავთ, ერთი თვეა, ფეხი გაფიჩინებული მაქვს და მოლაპარაკებებზე დავდივარ პასტით და ფურცლით, რომ რაც შეეხება არჩევნებს, ეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობთ. ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.